ავტორი:

"რუსებს რომ სცოდნოდათ მე ვთქვი ეს სიტყვები, ცოცხალს არავინ დამტოვებდა...“ - რას ჰყვება უკრაინელი მესაზღვრე, რომელმაც "რუსსკი კარაბლი" სამ ასოზე გაუშვა?

"რუსებს რომ სცოდნოდათ მე ვთქვი ეს სიტყვები, ცოცხალს არავინ დამტოვებდა...“ - რას ჰყვება უკრაინელი მესაზღვრე, რომელმაც "რუსსკი კარაბლი" სამ ასოზე გაუშვა?

უკრაინაში მიმდინარე ომს ბევრი სულისშემძვრელი ისტორია ახლავს თან, რომლებზეც მსოფლიო მედია მუდმივად წერს. მათ შორის გამორჩეულია რომან გრიბოვის ისტორია, რომელიც ცნობილი ფრაზის "Русский военный корабль, иди на х*й“-ს ავტორია.

კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის ჯარებს შორის 2022 წლის 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს გაიმართა.

დაახლოებით 18:00 საათზე, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა,რომ კუნძულ ზმეინის თავს დაესხნენ რუსული გემები. თავდასხმაში მონაწილეობდნენ კრეისერი "მოსკოვი", რომელიც დღეს უკვე შავი ზღვის ფსკერზე "განისვენებს" და საპატრულო გემი "ვასილი ბიკოვი". გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ როდესაც რუსულმა ხომალდებმა კუნძულის დამცველებს დანებებისკენ მოუწოდეს, მათ რუსულად უპასუხეს: "Русский военный корабль, иди на х*й!“

იმავე დღეს, ღამით უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა კუნძული დაიპყრეს და ბრძოლაში 13 ჯარისკაცი გარდაიცვალა, მაგრამ მალე გაირკვა, ისინი ტყვედ აიყვანეს. ისინი მოგვიანებით უკრაინის მხარეს რუს ტყვეებში გაუცვალეს.

უკრაინელი სამხედროს თქმით, როდესაც შეტევა დაიწყო, ისინი შავ ზღვაში იყვნენ, ზმეინის კუნძულზე. დილით რუსული გემი გამოჩნდა, რომლის ეკიპაჟმა ცნობილი ჩანაწერი ჩართო, საიდანაც გაისმა "თქვენ უნდა დაგვნებდეთ. მინდოდა, რომ ღირსეული პასუხი გამეცა და გამომივიდა", - ამბობს უკრაინელი მესაზღვრე.

გრიბოვის თქმით, ტყვეობისას რუსი სამხედროები მათ ცხოველებზე უარესად ექცეოდნენ. მათ გონებრივად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აწამებდნენ.

"ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა უკრაინაში. გვითხრეს, რომ კიევი და სხვა ქალაქები უკვე დაიპყრეს და დაბრუნებას აზრი არ აქვს და თუ დავბრუნდებით, ძალიან ცუდად მიგვიღებენ“, - იხსენებს სამხედრო.

როდესაც ტყვეები გაცვალეს, თურმე რომანს ვიღაცამ ჰკითხა, - იცი, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი ხარო?

"თავიდან ვერ მივხვდი რას მეუბნებოდნენ, რუსებს რომ სცოდნოდათ, მე ვთქვი ეს სიტყვები, ცოცხალს არავინ დამტოვებდა...“ - ამბობს ის.

რომან გრიბოვი ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, საზღვაო ქვეითს ჩერკასის რეგიონიდან დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. ის უკვე ოთხი წელია რუსეთ-უკრაინის ომშია - მან 2018 წელს გააფორმა კონტრაქტი და სამსახური ოდესის რეგიონში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი ნახა, მაგრამ მისი თქმით, ომის ახლანდელი ეტაპი სულ სხვაა.

"როდესაც გაისმა პირველი გაფრთხილებები სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ, არავინ მოელოდა, რომ ასე სასტიკად განვითარდებოდა მოვლენები. ეს ყველაფერი სპონტანურად დაიწყო. როდესაც ჰორიზონტზე რუსები დავინახეთ, მივხვდით, რომ სრულმასშტაბიანი ომი უკვე დაწყებული იყო", - ამბობს რომანი.

ტყვეების გაცვლის დღეს არ უთხრეს, სად მიჰყავდათ. პატიმრებს ხელები ზურგზე ჰქონდათ შეკრული, ყელზე მარყუჟები ჰქონდათ რომელიც ძალიან უჭერდათ, გრიბოვი ამბობს, რომ ბიჭები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მტერს დასახვრეტად მიჰყავდა.

"მანქანაში ჩაგვყარეს, ზემოდან ნივთები დაგვაყარეს და სამი-ოთხი საათი ასე გვატარეს... ბოლო მომენტში გვითხრეს, რომ გასაცვლელად მიგვიყვანეს...“

ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ საზღვაო ქვეითები საავადმყოფოში მოხვდნენ. მაგრამ რომანს პირველ რიგში თავისი ოჯახის ნახვა სურდა.

"სიმართლე და გამარჯვება ზურგს გვიმაგრებს, ჩვენ ძალიან ძლიერი ხალხი ვართ, ვერავინ შეძლებს ჩვენ დაპყრობას...“ - ამბობს რომან გრიბოვი.

ტყვეობიდან დაბრუნებული ჯარისკაცი "ჩერკასის ოლქისთვის გაწეული სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს.

იხილეთ ასევე: