ავტორი:

"20 წელი ძალადობდა ცოლზე და ამის შესახებ იცოდა ყველამ" - რას ჰყვებიან ბორჯომელები მამაკაცზე, რომელმაც მეუღლეს 16 ჭრილობა მიაყენა?

"20 წელი ძალადობდა ცოლზე და ამის შესახებ იცოდა ყველამ" - რას ჰყვებიან ბორჯომელები მამაკაცზე, რომელმაც მეუღლეს 16 ჭრილობა მიაყენა?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა მამაკაცი, რომელმაც ბორჯომში მეუღლე დაჭრა და სიდედრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებით თანახმად, ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით 16 ჭრილობა მიაყენა.

  • ბრალდებული გ.კ. წარსულში ნასამართლევი პირია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ბორჯომელები AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ მამაკაცის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და გ.კ. მეუღლეს 20 წლის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად.

ასევე აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ცნობილი იყო ყველასთვის, მათ შორის გ.კ.-ს მეუღლის ახლობლებისთვის, რომლებსაც ასევე არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა დაკავებულს.

"20 წლის განმავლობაში ცოლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ყველამ იცოდა ამის შესახებ - ახლობლებმაც, მეზობლებმაც. წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, სანამ დაჭრა მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე სასტიკად სცემა ცოლს. ამის გამო მის მიმართ გამოძიებაც იყო დაწყებული, ადმინისტრაციული წესით. ბორჯომელებიც ჩაუდგნენ თავდებში და მისი დაპატიმრება აღარ მომხდარა და შესაბამისი პროცდურის შემდეგ გათავისუფლდა. 2 შვილი ჰყავთ - ერთი არასრულწლოვანი გოგონაა, რომელიც სკოლის მოსწავლეა... 19 წლის ბიჭი სამუშაოდ უცხოეთშია წასული" - გვიყვებიან ადგილობრივები.

რაც შეეხება დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობას, როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.