მძიმე გამოდგა უკრაინისთვის გასული ღამე. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 მაისის საღამოდან რუსეთის ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ლვოვის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, კიევის, ვინიცასა და ზაკარპატიეს ოლქებში არსებულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, სხვა საშუალებების გამოყენებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ოდესისა და დონეცკის ოლქებზეც.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს 18 ბალესტიკური რაკეტა. არსებული ინფორმაცით, რომელიც ზუსტდება, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 8 რაკეტა ჩამოაგდო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის 7 უპილოტო საფრენი აპარატისა და ერთი საავიაციო რაკეტის განადგურების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, სარაკეტო იერიშების ძირითადი სამიზნე იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.
არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაღუპულია 21 ადამიანი.

მისივე თქმით, დაღუპულთა შორის 10 ადამიანი ქალაქ ავდიიკაში, კოქსის ქარხანაზე თავდასხმისას დაიღუპა.
"3 მაისს რუსებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 27 დაჭრეს. ეს არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს. დაღუპულთა შორის არის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 ლიმანში, 4 ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში,“- წერს პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში.
უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში კი, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ლვოვის მერი ანდრი სადოვი "ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
"სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ელექტროქვესადგური დაზიანდა - ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - განაცხადა სადოვიმ.
უკრაინის რკინიგზა კი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს, რამაც შეფერხებები გამოიწვია. მატარებლები ლვოვის შესასვლელთან არიან გაჩერებულები.
"მტრის მიერ განხორციელებული რკინიგზის ქვესადგურების დაბომბვის გამო, რამდენიმე მატარებელი შეფერხებით იმოძრავებს“, - ნათქვამია უკრაინის რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვას, მათ შორის ზაკარპატიეს ოლქში პირველად განხორციელებულ სარაკეტო იერიშს რუსეთის უსუსურობის გამოხატულება უწოდა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"რაც უფრო მეტია ასეთი დარტყმები, მით უფრო შორსაა რუსეთი ცივილიზაციისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები ნერვიულად რეაგირებენ უკრაინელების წარმატებებზე.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის ოლეგ ჟდანოვის თქმით კი, მსგავსი შეტევები ოკუპანტის მხრიდან კვლავაც გაგრძელდება.
"ვფიქრობ, რომ მსგავსი აგრესიის აფეთქება და სარკეტო შეტევები კვლავაც არაერთხელ მოხდება ომის დასრულებამდე", - განაცხადა მან.