ავტორი:

"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, მიშამ ასე მითხრა, - ვნანობ, საქართველოში რომ დავბრუნდიო! პირველად თქვა ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ…" - მაია ორჯონიკიძე

"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, მიშამ ასე მითხრა, - ვნანობ, საქართველოში რომ დავბრუნდიო!  პირველად თქვა ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ…" - მაია ორჯონიკიძე

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქის: პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს:

"გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს დღეს ინგა გრიგოლიას ეთერში, - მიშასთან ბოლოს რომ ვიყავი ციხეში შესული, ასე მითხრა, - ვნანობ საქართველოში რომ დავბრუნდიო!

პირველად თქვა მსგავსი ფრაზა მესამე პრეზიდენტმა, ამდენი წამებისა და უბედურების შემდეგ… ჰოდა, ამაზე დიდი სილის გაწნა რა უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ ქართულ სახელმწიფოზე ამხელა ამაგის კაცს ეს აღმოხდა! დიახ, პოლიტიკოსებმა ვერ ან არ ივარგეს და მათ დიდ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე არაერთხელ მილაპარაკია მეც, მოურიდებლად და მჭახედ, რადგან ქართული პოლიტიკუმი ნამდვილად იქცა რეჟიმთან შემგუებლობის, კონფორმიზმისა და ამომრჩევლის გადაგდების სიმბოლოდ. მაგრამ ბოლომდე სამართლიანად რომ ვიმსჯელოთ, არც ჩვენ, ხალხი ვუქნივართ ღმერთს, რადგან მწყემსის, ლიდერის, წინამძღოლის გარეშე უმრავლეს წილად უინიციატივონი, უხერხემლონი და არხეინნი ვართ. სამოქალაქო საზოგადოება არ ჰქვია მოსახლეობას, რომელიც მაინცდამაინც ლიდერს ელოდება, რომ ის წაუძღვეს სადღაც, სამოქალაქო საზოგადოებას ლიდერის არარსებობის ან სუსტი ლიდერის შემთხვევაში თავადაც უნდა გააჩნდეს მინიმალური თვითორგანიზების უნარი და ხელებში და თვალებში არ უნდა შესცქეროდეს ვინმეს, რომ წინ წაუძღვეს.

დიახ, ლიდერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ხალხი უნდა იყოს უინიციატივო და სხვისი შემყურე!

შეხედეთ უკრაინელებს! ზელენსკის როლი მიმდინარე მოვლენებში ძალიან დიდია, მაგრამ მისი როლი უფრო მორალური ხასიათისაა - გმირი პრეზიდენტი, რომელმაც მძიმე ჟამს არ დატოვა ქვეყანა და არ უღალატა საკუთარ ხალხს. მაგრამ განა ზელენსკი კარნახობდა სათითაოდ 40 მილიონიან ერს, რა უნდა გაეკეთებინა სამშობლოს დასაცავად? ზელენსკი კარნახობდა 83 წლის მოხუც ქალს, რომელმაც ავტომატი გადაიკიდა? ან 12-14 წლის ბავშვებს, რომლებიც დღე და ღამე მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ? გმირები ყველა ერს ჰყავს, მათ შორის არც ჩვენ გვაკლია, მაგრამ უკრაინელების თავისებურება აღმოჩნდა ის, რომ ამ ქვეყანაში მასობრივად ხალხის უმრავლესობა გმირია! თავისუფლების წყურვილი იმხელა აქვთ, რომ მთელი უკრაინელი ხალხი ებრძვის ოკუპანტს და არა მხოლოდ ჯარი! სიცოცხლეს და სისხლის ბოლო წვეთს არ ზოგავენ უკრაინის მტერთან ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ჩვენ კი… ჩვენ მშვიდობიან აქციებზეც კი ისე ვერ გავდივართ, თუ ვინმე წინ არ გაგვიძღვა და შვიდი თვეა ვუყურებთ როგორ სადისტურად და ნელი წამებით გვიკლავენ საქართველოს ისტორიაში უკვე მეორე პრეზიდენტს მანქურთები და საქართველოს მტრები! ამას როგორ შეგვაგუეს ხალხო?! აი ზუსტად ესაა ყველაზე საზარელი ამ სამარცხვინო ისტორიაში - ღირსებააყრილ, რაიმეს შეცვლის უუნარო და ღალატის მპატიებელ ხალხად რომ ვიქეცით!"