ავტორი:

"დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ... ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე" - ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმის ჩვენება: რა ახალი დეტალები იკვეთება?

"დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ... ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე" - ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმის ჩვენება: რა ახალი დეტალები იკვეთება?

4 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის პროცესი გაიმართა. როგორც ცნობილია, მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

გუშინდელ პროცესზე ინასარიძემ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის დავალებით გაავრცელა. პროცესის დეტალებსა და ინასარიძის ჩვენებას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

"მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ შოკში ვიყავი. როცა მზია კაკოშვილს [კლინიკური მენეჯერი] ვეკითხებოდი, რა უნდა მეთქვა, მეუბნებოდა, რომ რაც პროტოკოლში ეწერა ის თქვიო. იმ ინტერვიუშიც ეგ ვთქვი. როცა აზრზე მოვედი, მერე მივხვდი, რომ სიმართლე უნდა მეთქვა, იმიტომ, რომ ყველაფერი, დავიბრალე მე, რაც არ გამიკეთებია. სრულ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი, ასეთ სისულელეს ვიტყოდი ინტერვიუში იმ დღეს?

დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ რომ მეთქვა და ჩემს თავზე ამეღო ყველაფერი. მერე რომ მივხვდი რა ხდება და გამომძიებელმა თვითონ მაჩვენა, რომ ნახევარ საათზე მეტი ვიყავი (საამცრელო ოთახში). აცრაც უფრო ადრე იყო გაკეთებული, ვიდრე ოფიციალურად დააფიქსირეს (შესაბამის დოკუმენტში)“,- განაცხადა მან.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ინასარიძემ ასევე განმარტა, რომ სამედიცინო ისტორიაში (ფორმა 100), მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინის გაკეთების შესახებ ჩანაწერი მას არ შეუტანია.

"ისტორია შეადგინა კლინიკურმა მენეჯერმა, ვინც იყო რეანიმატოლოგი, მან. მეც იქ ვიყავი და მომაწერინეს ხელი. ნუ გეშინია, მოაწერე, ჩვენ ყველა ვაწერთო და მეც მოვაწერე. ფორმა 100-საც მოვაწერე ხელი. ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე. 24 მარტს მე თავად მივმართე გამომძიებელს, რომ ხელახალი დაკითხვა მომხდარიყო ჩემი" - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს კლინიკა "იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია დასახელდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს.

ვიოლეტა ინასარიძემ ჟურნალისტებთან 20 მარტს განაცხადა, რომ ცუდად გახდომის დროს ის და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკაში იმყოფებოდნენ და პაციენტს პირველად დახმარებას უწევდნენ, თუმცა მოგვიანებით გამოძიებასთან აღიარეს, რომ კლინიკა მეგი ბაქრაძის აცრის შემდეგ მალევე დატოვეს და მისი ცუდად გახდომის დროს კონფერენციას ესწრებოდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. საქმეზე წინანასამართლო სხდომა 20 ივლისს არის ჩანიშნული. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.