ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ 9 მაისი არის არა გამარჯვების, არამედ რუსეთის სირცხვილის დღე. აქციაში როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს, წარწერით "დიდება უკრაინას", "რუსეთი კლავს".

აქციის მონაწილეებმა ასევე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციაზე უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა შესრულდა და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

"8 მაისი არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული, თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ნაციზმი რუსეთის სახით ბოლომდე დამარცხებული არ არის, მან მიიღო რაშიზმის, იმ ბოროტების მანქანის სახე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და რაც მარცხდება. 9 მაისს, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი უკვე არ შემდგარა იმიტომ, რომ უკრაინის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობისა და დასავლეთის მხარდაჭერის გამო, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ, ჩვენ დღეს უკრაინელებთან ერთად უნდა ვიდგეთ და ვთქვათ, რომ ამ რაშიზმის დამარცხების იდეაში ჩვენ ერთად ვართ", - განაცხადა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

აქციის ორგანიზატორები არიან: ომიდან ჩამოსული უკრაინელები, ორგანიზაცია "სვიტანოკი“, "დროა“, "დემოკრატიის მცველები“.