ავტორი:

"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში: პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს

"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში: პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს

სოსო პავლიაშვილმა და გრეგორი ლეპსმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დუეტი ჩაწერეს, რომლის პრემიერაც კრემლის საკონცერტო დარბაზში შედგა.

სიმღერას "9 მაისი" ჰქვია და როგორც რუსულ მედიას სოსო პავლიაშვილმა განუცხადა, ეს სიმღერა დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის იყო განკუთვნილი.

"ჩვენ ყოველთვის ამაყად თავაწეული ვივლით, რადგან ჩვენში სრულფასოვანი ადამიანების სისხლი მიედინება, როგორც ჩემში იღვრება ჩემი ბაბუის სისხლი, რომლის სახელიც მქვია - იოსები. ის ფრონტზე გარდაიცვალა. თავი გაწირა სიხარულისთვის, მშვიდობისთვის და უფლისთვის.", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

მომღერლის თქმით, სიმღერის შექმნის სურვილი ჯერ კიდევ 90-იანი წლებში გაუჩნდა. ამის შემდეგ სოსო პავლიაშვილი პოეტ მიხეილ ტანიჩთან მივიდა და მუსიკა მოასმენინა, სთხოვა ტექსტი დაეწერა.

"ძია მიხეილი, როგორც მე მას ვუწოდებ, თავად იყო ომში და პირადად იცის ბრძოლის შიში და გამარჯვების ნეტარება. მას ძალიან მოეწონა მუსიკა", - ამბობს პავლიაშვილი.

დუეტი შედგა და ორმა ქართული წარმოშობის რუსეთში მომუშავე მუსიკოსმა, ლეპსმა და პავლიაშვილმა, რუსებს მორიგი სიმღერა შესთავაზეს. ორივე შემსრულებელი პუტინის აქტიური მხარდამჭერია და სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც მათი ახლანდელი მშობლიური ქვეყანა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პავლიაშვილმა და ლეპსმა საკონცერტო ტურნეც კი მოაწყეს რუსი სამხედროების მხარდასაჭერად.

ლეპსმა უფრო მეტად "გამოიჩინა თავი" და უკრაინაში დაჭრილი რუსი სამხედროები კლინიკებში მოინახულა და გაამხნევა.

ლეპსისა და პავლიაშვილის დუეტმა სიმღერა 4 მაისს კრემლის საკონცერტო დარბაზში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს რუსებმა მიწასთან გასწორებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსი ბებიის ძეგლი დადგეს, რომელსაც ხელში საბჭოთა კავშირის დროშა უჭირავს.