"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა, განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
"77 წლის შემდეგ, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა უკრაინაში შეჭრა აირჩიეს. 2014 წლიდან, უკრაინაში შეჭრითა და ქმედებებით, რუსეთმა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაარღვია, განსაკუთრებით გაერო-ს წესდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, რათა თაობები ომის უბედურებისგან დაეცვა. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემოგვიერთდა. იგი ჩვენს სრულ სოლიდარობასა და უკრაინის გაბედული ბრძოლის მხარდაჭერაში დავარწმუნეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მან განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანია, რუსეთის სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის უკრაინის მთელი ტერიტორიიდან გაყვანა უზრუნველყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნათქვამია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის დასახმარებლად მათ მზაობაში დაარწმუნეს. მათი თქმით, დახმარება სამხედრო და თავდაცვითი, კიბერ ინციდენტებისგან თავდაცვითი, ინფორმაციული უსაფრთხოების, ეკონომიკური და ა.შ. სახით იქნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნები უახლოეს კვირებში გააგრძელებენ.
"ჩვენ ვიმეორებთ, რომ ვგმობთ, რუსეთის არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ და უკანონო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და განურჩეველ თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რამაც ევროპის გულში საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჩვენ, ადამიანების სიცოცხლის ფართომასშტაბიანი დაკარგვით, ადამიანის უფლებებზე თავდასხმითა და ნგრევით, რომელიც რუსეთის ქმედებებმა უკრაინას მიაყენა, შეძრწუნებულები ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.
"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ომის დანაშაულების გამოძიებასა და მტკიცებულებების შეგროვების ყველა მცდელობას მიესალმებიან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას აგრძელებენ.