ავტორი:

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა: ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი?

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა: ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის ალან გაგლოევი?

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდეტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს. შეგახსენებთ, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტი გამოსავლენად მე-2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

"ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას, ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოუვა", - განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, "ვინც შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა და ცალკე მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა". მანამდე ე.წ. რესპუბლიკის "ცესკომ" კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა:

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, პარტია "ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს 53.67% აქვს, ხოლო მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 41.3%. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, 8 მაისს ჩატარებულ "მეორე ტურში“ ამომრჩეველთა აქტივობა 68.2% იყო". ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა.

  • ვინ არის ალან გაგლოევი?

ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის კა-გე-ბე-ში მუშაობდა. დღეს ის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერია. 2020 წლიდან კი ოპოზიციური პარტია "ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ შექმნა ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმა“ , რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა.

ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა არ ჰქონდა.

"მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ალან გაგლოევმა, რომელმაც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე, მომხრეებთან ერთად, გამარჯვება აღნიშნა.

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ambebi.ge-სთან ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა:

"ალან გაგლოევი უშიშროების ყოფილი სამსახურის თანამშრომელია, ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურებში. მისი რეპუტაცია არ იყო მთლად იდეალური, ვინაიდან მისი ძმა კრიმინალური საქმიანობით (მკვლელობები და სხვა ღონისძიებები ბრალდებოდა) გამოირჩეოდა, ის კი ძმას იცავდა და პასუხისმგებლობას არიდებდა თავიდან. მეორეს მხრივ, ის საკმაოდ პრინციპული და კატეგორიული კრიტიკოსი იყო ბიბილოვის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დიდი ხანია უკვე არაპოპულარულია".

იხილეთ ასევე: