ავტორი:

"როცა მას მოუსმენ, სულს შეეხება" - ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიერ შესრულებული Браття Українці: ვინ არის პოლიტიკოსი, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერად იმღერა

"როცა მას მოუსმენ, სულს შეეხება" - ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიერ შესრულებული Браття Українці: ვინ არის პოლიტიკოსი, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერად იმღერა

ესტონეთში სატელევიზიო შოუს, Masked Singer-ის ფინალი გაიმართა, სადაც ნამდვილი სიურპრიზი იყო ადგილობრივი პოლიტიკოსის, ჰანო პევკურის გამოჩენა. ჰანომ, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთ სამინისტროს თავკაცობდა, ახლა კი ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერია, უკრაინული პატრიოტული სიმღერა, Браття Українці შეასრულა და თავისი შთამბეჭდავი ნომერი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს მიუძღვნა.

პოლიტიკოსის თქმით, ამ სიმღერით მას უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა სურდა.

“შეიძლება რაღაც ვთქვა ამ სიმღერის შესახებ? ის 2014 წელს დაიწერა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. ეს უკრაინის დაცვის სიმბოლო გახდა. როცა მას პირველად მოუსმენ, შენს სულს შეეხება. ის ისეთი ძლიერი სიმღერაა და ისე იმოქმედა, რომ თვალებიდან ცრემლი წამომივიდა. მას იმ ადამიანებს ვუძღვნი, რომლებიც უკრაინას იცავენ, მათ, ვინც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ და მათ, ვინც კვლავ აგრძელებენ ბრძოლას", - თქვა ესტონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰანო პევკურმა.

მისი შესრულების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრები "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომაც გააზიარა.

"სასიამოვნოა, როცა ჩვენი ენა უკრაინის მიღმაც ისმის და დანარჩენ ერებს აერთიანებს“, - წერს გონჩარენკო და მადლობას უხდის ესტონელ პოლიტიკოსს მხარდაჭერისთვის.

ჰანო პევკური ესტონელი პოლიტიკოსი, "რეფორმატორთა პარტიის" ყოფილი ხელმძღვანელია. 2009-2012 წლებში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2014-2016 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

პევკური დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი - ქალ-ვაჟი.

ნახეთ ვიდეო: