ავტორი:

"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი და რა მორიგ რუსულ დეზინფორმაციაზე წერს?

"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი და რა მორიგ რუსულ დეზინფორმაციაზე წერს?

9 მაისს რუსეთმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნა. ქალაქ ასტრახანის ადგილობრივი ტელევიზია მთელი დღის განმავლობაში აანონსებდა კონცერტს, სადაც ცნობილ რუს ვარკვლავებთან ერთად თამარ გვერდწითელსაც უნდა ემღერა. საღამოს ერთ-ერთ რუსულ არხზე დაიწყო კონცერტი, რომელსაც პირდაპირი ეთერი ეწერა და ლევ ლეშენკოსთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შავ კაბაში ჩაცმული თამარ გვერდწითელიც მღეროდა. სოციალური ქსელში მომღერლის მეგობრები წერდნენ, რომ რეალურად ეს ძველი ჩანაწერი იყო და თამარი დიდი ხანია უკვე თბილისშია. დღეს მომღერლის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ კონცერტში, რომელიც ვითომ "პირდაპირ ეთერში“ გადიოდა, 2021 წლის ივნისის გამოსვლის კადრები იყო ჩასმული...

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.

საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად:

თამარ გვერდწითელი,

ირაკლი მენთეშაშვილი,

გია სალაღიშვილი,

დავით ჯაფარიძე.

პაატა ანდრიაძე".

თამარ გვერდწითელმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კონცერტები ექვსი თვით გადადო, თუმცა არ გაუუქმებია. მომღერალმა იმჟამად მედიასთან განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მომღერლის დედა ოდესიდან არის და მისთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება...

პოსტს თანდართული აქვს "იუთუბის" ლინკი, რომელზეც თამარ გვერდწითელის გასული წლის 22 ივნისის საკონცერტო გამოსვლაა ასახული. ვიდეო ატვირთულია 2021 წლის 22 ივნისს: https://www.youtube.com/watch?v=V2qMXfd9ep4