ავტორი:

ალისა ფრეინდლიხი აცხადებს, რომ ადამიანები რუსეთს საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის კი არა, მომავლის შიშის გამო ტოვებენ

ალისა ფრეინდლიხი აცხადებს, რომ ადამიანები რუსეთს საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის კი არა, მომავლის შიშის გამო ტოვებენ

ცნობილი რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოს ვარსკვლავი, ალისა ფრეინდლიხი რუსეთიდან ვარსკვლავების მასობრივ გამგზავრებაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს. თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი მიიჩნევს, რომ რუსმა ვარსკვლავებმა ქვეყანა თავიანთი გაურკვეველი მომავლის გამო დატოვეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა რუსული შოუბიზნესის ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა. მათ ცხოვრების გაგრძელება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩიეს, რის გამოც სამშობლოში მოღალატეებად გამოაცხადეს და შავ სიაშიც კი შეიყვანეს.

ფრეინდლიხის აზრით, ვარსკვლავებმა სამშობლო საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის გამო კი არა, მომავლის შიშის გამო დატოვეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს ეშინიათ არა იმიტომ, რომ ხვალ არ იქნება ქვეყანაში ხამონი, პარმეზანი და სხვა წვრილმანები, რომელთა გარეშეც ადამიანი ნორმალურად იცხოვრებს, მაგრამ როდესაც სამყაროში კონფლიქტები ჩნდება და ადამიანებში დადებით ენერგიას, უარყოფითი სჭარბობს, მომავლის შიში გიპყრობს..."

ფრეინდლიხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის შეჩერების მოთხოვნით მომზადებულ წერილს მოაწერა ხელი.

აპრილის ბოლოს ერთ-ერთ გადაცემაში მსახიობმა თქვა, რომ ის არ აპირებს რუსეთის დატოვებას. ალისა ფრეინდლიხმა აღიარა, რომ უყვარს მოგზაურობა და არ უხარია საზღვრების ჩაკეტვა. მას განსაკუთრებით სურს იტალიაში ჩასვლა, სადაც მისი ახლო მეგობრები ცხოვრობენ. მაგრამ ის არ გეგმავს სამუდამოდ დატოვოს რუსეთი. საბჭოთა კინოს ვარსკვლავი სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, სადაც თეატრში მუშაობს და ოჯახთან ახლოს ყოფნა სურს.

ალისა ფრეინდლიხი რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მას დაზიანებული ჰქონდა ფილტვების 94%. მსახიობმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თვენახევარი გაატარა. ექიმებს იმედი აღარ ჰქონდათ, რომ მსახიობი გამოჯანმრთელდებოდა და მომხდარს სასწაული უწოდეს.

87 წლის მსახიობს ჰყავს ქალიშვილი ვარვარა, რომელიც ასევე მსახიობია და ორი შვილიშვილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსახიობი ეკრანზე 2004 წლამდე აღარ გამოჩენილა. 2005 წელს ფილმში "ზედა მასლოვკა" შესრულებული 87 წლის მოქანდაკე ქალის როლისთვის პრემია "ნიკა" გადასცეს.

მსახიობს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ის ხშირად ჩამოდიოდა თბილისში გასტროლებზე და სწორედ ერთ-ერთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი შენგელაიამ თავის მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" ბალეტის მასწავლებლის როლში. "ზამთარში ჩამოვედი "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებაზე... თბილისში თოვდა და ჩვენი თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის გამო თბილისთან ახლოს დაფრინდა. როგორც კი ჩამოვედი, გადასაღებ მოედანზე წამიყვანეს, ჩაი დამალევინეს, მოსასვენებელი კუთხე მომიწყვეს, ღუნღულა პლედი მომაფარეს. რომ ჩამეძინა, ვგრძნობდი, როგორ ფეხაკრეფით დადიოდნენ, რომ არ გამღვიძებოდა..." - იხსენებდა მოგვიანებით ალისა.

ბოლოს ალისა ფრეინდლიხი 2011 წელს თბილისის IV თეატრალურ ფესტივალზე ჩამოვიდა, მანამდე კი, 2003 წელს, თბილისში რუსული ხელოვნების ფესტივალ "ვივატ სანქტ-პეტერბურგს" დაესწრო. მისი მონაწილეობით გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი "ანათე, ანათე, ჩემო ვარსკვლავო" გაიმართა.

"ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამინერგეს საქართველოს სიყვარული და ის მთელი ცხოვრება მომყვება. პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებელ ადგილად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს... " - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში...