ავტორი:

"ჩვენთან ყველაფერი შეიცვალა - მეც შეზღუდულად ვმუშაობ... მარიტას რთული პერიოდი აქვს, გააცნობიერა, რომ მამა აღარ დაბრუნდება" - ინტერვიუ ნიკა ქაცარიძის მეუღლესთან

"ჩვენთან ყველაფერი შეიცვალა - მეც შეზღუდულად ვმუშაობ... მარიტას რთული პერიოდი აქვს, გააცნობიერა, რომ მამა აღარ დაბრუნდება" - ინტერვიუ ნიკა ქაცარიძის მეუღლესთან

ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობის, რუსთაველის თეატრის არტისტის, ნიკა ქაცარიძის უეცარმა გარდაცვალებამ ყველა შეძრა. განსაკუთრებულად დაამწუხრა მისი დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი...

ოჯახმა დაკარგა მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, სცენამ და ეკრანმა - ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც შემოქმედებითი თვალსაზრისით უამრავი საინტერესო სახის შექმნა შეეძლო...

  • 12 მაისს, რუსთაველის თეატრში, ნიკა ქაცარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება. შემოსული თანხა კი მისი ოჯახის დასახმარებლად გადაირიცხება.

AMBEBI.GE ნიკას მეუღლეს, ნინო ბერიძეს ესაუბრა:

- ძნელია ნიკას გარეშე ცხოვრება. ჩვენთან ყველაფერი შეიცვალა - მეც შეზღუდულად ვმუშაობ (ნინო პროფესიით არქიტექტორია. - ავტ.). მე და ნიკა ერთმანეთს ხელს ვუწყობდით - ის დილით სამსახურში მიდიოდა და ბავშვებთან მე ვრჩებოდი, რომ მოდიოდა, მე მივდიოდი - ასე ვენაცვლებოდით.

ნიკას დედა ასაკშია, წნევაც აწუხებს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ მეტად უჭირს და ბავშვებს მარტო ვერ იტოვებს... ამიტომაც მუშაობა ახლა ცოტა შეზღუდულად მიწევს...

ვერ აღგიწერთ, ნიკას წასვლით რამხელა ტრავმა მივიღე, ამ შოკური მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვდივარ. ახლა კიდევ ნიკა წულუკიძის ბავშვის ამბავმა შემძრა და მეტად დამამძიმა. მიჭირს იმის წარმოდგენა, რას განიცდის ის ოჯახი... ჩემთვის ნიკას გარდაცვალება ენით აღუწერელი ტკივილია. ამას არავის ვუსურვებ...

ჩვენ ერთად, 6 წლის მანძილზე საინტერესო პერიოდი გამოვიარეთ. ეს იყო ერთმანეთის კარგად გაცნობის, შეგუების, მეტად შეყვარების წლები... ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვიყავით, რომ ბედნიერ ცხოვრებას ვიწყებდით და ნიკა წავიდა. ძალიან განვიცდი. ხომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი გაგივლისო. რა დროც არ უნდა გავიდეს, არ არსებობს ეს ტკივილი დამავიწყდეს. შეიძლება, ამაზე ყოველდღიურად არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემშია... ხალისი, რაც მანამდე მქონდა, დავკარგე და ალბათ არც არასდროს დამიბრუნდება...

...ერთხელ მარიონეტების თეატრში, ნიკას გახმოვანებულ სპექტაკლზე მივდიოდით, გამომიარა და ფეხით გავისეირნეთ. ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი გამახსენდა და ვუთხარი - როგორ შეყვარებულებივით მივსეირნობთ-მეთქი. რას ჰქვია, შეყვარებულების პერიოდი, როდის დამთავრდა სიყვარული? ახლაც შეყვარებულები ვართო... მართლაც ასე იყო - ჩვენ შეყვარებულები ვართ და ასე იქნება ალბათ მთელი ცხოვრება.

- თეატრი ახსენეთ... ნიკა ნიჭიერი მსახიობი იყო... როგორც მაყურებელი, როგორ აფასებდით მას?

- მართლა ძალიან ნიჭიერი იყო და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, მომავალშიც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ თავისი გეგმების შესრულება არ დასცალდა... ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე, რაც მის სპექტაკლებს ვუყურებდი, მერე იმას, როლებზე ყოველდღიურად როგორ მუშაობდა და როგორ ამუშავებდა თითოეულ პერსონაჟს, მთლიანად გადართული იყო როლის შექმნაში, ძალიან უღრმავდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როლი მეორეხარისხოვანი იყო, თუ მთავარი. ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. როგორც მსახიობს, რაღაც გამორჩეული ხიბლი ჰქონდა, რომელიც გიზიდავდა. სცენაზე დაინახავდი თუ არა, თვალი მისკენ გაგირბოდა. მაყურებელს მისი როლი ამახსოვრდებოდა. ახლა მასზე წარსულში რომ ვლაპარაკობ, ვერ ვეგუები, არ შემიძლია...

- შვილების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას და სიყვარულს იჩენდა, ეს მისი პოსტებიდანაც ჩანდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებდა... ალბათ მეუღლეც ასეთივე მზრუნველი იყო, ხომ?

- ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ. დღის განმავლობაში უყურადღებოდ არ დაგტოვებდა, მესიჯებს მოგწერდა, დაგირეკავდა და მოგიკითხავდა. ბავშვების გაზრდაშიც აქტიურად იყო ჩართული - ეს იყო მათი ჭამა, დაბანა, დაძინება, გასეირნება - ყველაფერში მონაწილეობდა. სხვაგან წასვლა, თუ რამე შემთხვევა არ იყო, არ უნდოდა.

მისი ყურადღების გარეშე ბავშვებს ვერ ტოვებდა. ისე იყო შვილებით მოცული, რომ სხვა რამისთვის დროის დათმობა ენანებოდა... ახლა ვფიქრობ, ადამიანი როცა გიყვარს, უნდა ეცადო, ყველა წუთი და წამი მასთან გაატარო. გული მწყდება, რომ რაღაც დრო ერთად არ გვაქვს გატარებული, როცა სამსახურებში ვიყავით და რუტინაში ჩართულები...

- ბავშვები რას ამბობენ, კითხულობენ მამას?

- მარიტას ცოტა რთული პერიოდი აქვს. აქამდე ეგონა, მამა დაბრუნდებოდა, იმედი ჰქონდა. 5 წლის არის და უკვე გააცნობიერა, რომ მამა აღარ დაბრუნდება. არ ვიცი, შეიძლება ეზოში ბავშვებმაც უთხრეს, მამაშენი გარდაიცვალაო... სახლში სტუმრები რომ მოდიან და ჩვენს საუბრებს ისმენს, ალბათ აქედანაც ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ამაზე ნაკლებად ვისაუბროთ. თუმცა ორივე ხშირად ახსენებს და კითხულობს - მამა სად არის? ვეუბნები, ცაშია, ღმერთთან გაფრინდა და მაღლიდან გვიყურებს. თუ ცუდად მოიქცევით, მამა დაგინახავთ და ეწყინება, თუ კარგად მოიქცევით, გაუხარდება.

მარიტას შიშები აქვს და ახლა ჩემთანაა მოკედლებული. რაღაცნაირად გულჩათხრობილი გახდა. ლაზარე ჯერ პატარაა, 2 წლის. მეგონა, მას უფრო გაუჭირდებოდა. მამა ახსოვს, მაგრამ მაინც პატარაა და ეტყობა, რაღაცები დაავიწყდა. ისე, სურათზე რომ დაინახავს, ან ეკრანზე, ამა თუ იმ სერიალში თვალს მოჰკრავს, - აი, მამა, - იტყვის.

- გარდაცვალებამდე როგორი იყო ნიკას ემოციური მდგომარეობა, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?

- ახლა რომ ვფიქრდები და ვაანალიზებ, ჩემი აზრით, ჰქონდა. იმ საღამოს ყველას დაურეკა - მეგობრებს, ნათესავებს, დეიდაშვილს, ბიძაშვილს, ჩემს ძმას, თეატრში, ვისთანაც ახლოს იყო, მათ. თითქოს დაემშვიდობა... ყველას ჩვენთან, სახლში ეპატიჟებოდა. შობა მოდიოდა და გვინდოდა, ყველანი ერთად შევხვედროდით. ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. რაც შეეხება რაიმე სიმპტომს, ან ჩივილს, არაფერი ჰქონდა. არც გულს შეუწუხებია, არც წნევას, - სიტყვაც არ წამოსცდენია, რომ რაიმე აწუხებდა.

დილით თეატრში რეპეტიციაზე იყო, იქიდან 3 საათზე წამოვიდა. სახლში მოსული ჩვეულებრივად იყო, საღამოს ლაზარეს ართობდა, მერე უჩვეულოდ ადრე დაწვა და დაიძინა. ნიკას დედა ყველაზე ადრე იღვიძებს და ამიტომ, დედას უთხრა - დილას ადრე გამაღვიძე, რეპეტიციაზე არ დამაგვიანდესო. ხომ გეუბნებით, დღემდე არ მჯერა, რომ აღარ არის... თავისი წასვლით ყველას გული დასწყვიტა. მისი ასეთი მოულოდნელი გარდაცვალება ნამდვილი შოკი და ელდა იყო... ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით.

ხვალ, 12 მაისს ნიკას ბიძის, ოპერის მომღერლის, ტენორ ვალერიანო გამგებლის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ბატონი ვალერიანო საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ახლა თბილისშია. ის ნიკას დედის ძმაა... შემოსული თანხა კი ჩვენ ჩაგვერიცხება...

პირველივე დღეებიდან უამრავი ხალხი - ნათესავები, მეგობრები, ახლობლები - დამიდგა გვერდით. მარტოს არ მტოვებდნენ, მაგრამ თავს მაინც მარტოდ ვგრძნობდი. ყველა თავს დამტრიალებდა, მაგრამ სიცარიელეს ვგრძნობდი... ახლაც ბევრი ადამიანი მყავს გვერდით და თითოეულის მადლობელი ვარ. ესენი არიან ნიკას მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, რუსთაველის თეატრი და ყველა ჩემს გამხნევებას ცდილობს. მადლობა ასევე იმისთვის, რომ ნიკას არ ივიწყებენ. თქვენი საშუალებით ყველას ვუხდი მადლობას და მადლობა თქვენ, რომ ჩვენი ამბით დაინტერესდით.