ავტორი:

„შეფ-ლიტერატორი”,  ახალი კულინარიული სერია და სასიამოვნო საღამო „მულტის“ „პიატოში“

„შეფ-ლიტერატორი”,  ახალი კულინარიული სერია და სასიამოვნო საღამო „მულტის“ „პიატოში“

ახლახან, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ახალი კულინარიული სერია გამოსცა, რომელიც 8 წიგნისგან შედგება და მისი პირველი ტომი 9 მაისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება სერიის წიგნები თვეში ერთხელ შეიძინოს, თითოეულ მათგანში კი სხვადასხვა ტიპის სამზარეულოდან გამორჩეული კერძების 100-100 რეცეპტია თავმოყრილი. რეცეპტები იმდენად მარტივად და გასაგებადაა მოცემული, რომ მათ მომზადებას ყველა შეძლებს და, რაც მთავარია, ისინი სასარგებლო და ჯანსაღია.

პირველი ტომის თემა გახლავთ „კერძები გრილზე“, შესაბამისად, ის მკითხველს შესთავაზებს 100 რეცეპტს, რომელთა მომზადებაც გრილზეა შესაძლებელი.

სწორედ ამ წიგნთან დაკავშირებით მოეწყო ღონისძიება - „შეფ-ლიტერატორი“ - „გემრიელიასა“ და „პალიტრა ელის“ ერთობლივი პროექტი, რომელმაც მწერლებს სახალისო კულინარიული შეჯიბრება მოუწყო.

ამჯერად, „მულტის“ „პიატოში“ „შეფ-ლიტერატორის“ ოთხი მონაწილე ერთმანეთს ბურგერის მომზადებაში შეეჯიბრა. საინტერესო ინტერპრეტაციებითა და ორიგინალური გემოებით მომზადებულ ბურგერებს მონაწილეებმა თავიანთი სახელწოდებებიც შეურჩიეს და ჟიურის ისე წარუდგინეს. მზადების პროცესი დინამიკური და სახალისო იყო, საბოლოოდ კი მათი ნახელავი ჟიურის ოთხმა წევრმა შეაფასა, ესენი იყვნენ - მიშა ავსაჯანიშვილი, სოფო გორდაძე, თინა ასათიანი და მარიამ ტურძილაძე. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ სხვადასხვა სეზონის მონაწილეები კი თავიანთ მეგობრებს მაყურებლის ამპლუაში დარბაზიდან გულშემატკივრობდნენ.

მიშა ავსაჯანიშვილი, „შეფ-ლიტერატორის“ ჟიურის წევრი:

- როგორც იცით, ღონისძიება მიეძღვნა „პალიტრა ელის“ ახალ გამოცემას - „კერძები გრილზე“, რომელსაც გავეცანი და ძალიან მომეწონა, ბევრი ახალი და საინტერესო რეცეპტია, ვფიქრობ, მკითხველს ძალიან მოეწონება, რადგან ამ რეცეპტებს ვერც ინტერნეტში ამოიკითხავს და ვერც სხვა წიგნებში. რაც შეეხება თვითონ ამ აქტივობას, ბურგერების შეფასებისას, უმთავრესის - გემოვნური თვისებების გარდა, ცხადია, ყურადღებას მათ ვიზუალურ მხარესაც ვაქცევდით.

ელის დოჯსონის ბურგერმა აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან ინგრედიენტები კარგად იყო შერჩეული - შემწვარი ანანასი ხორცთან ერთად, კარამელიზირებული ხახვი, სპეციალურად მომზადებული სოუსი, რამაც გაამარჯვებინა მას. მონაწილეებმა ბურგერებს უცნაური სახელწოდებებიც დაარქვეს, რამაც ღონისძიებას კიდევ მეტი ხალისი შესძინა.

ელის დოჯსონი, „შეფ-ლიტერატორის“ გამარჯვებული:

- იმდენად კარგი პროექტია, ძალიან დადებითი ემოციებით ავივსე. მღელვარების მიუხედავად, მომზადების პროცესი სახალისო იყო. ჩემს ცხოვრებაში ეს მესამე გამარჯვებაა. პირველი იყო ნუნისში, დასასვენებლად ვიყავი ჩასული, ლოტო ვითამაშე და შოკოლადი მოვიგე. 3 წლის ბავშვი ატირდა, მე მინდაო და მას მივეცი (იცინის); მეორე იყო კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, სადაც ჩემი პირველი რომანით ჟიურის რჩეული გავხდი; მესამე კი ეს ღონისძიება - „შეფ-ლიტერატორი“ და ძალიან გამიხარდა.

- კულინარიასთან როგორ დამოკიდებულება გაქვთ? სახლში თუ ამზადებთ კერძებს?

- ყველაზე უცნაური ის არის, რომ ვაკეთებ - ჩემი ხინკალი სამეგობროში განთქმულია, ახალი წლის სუფრისთვის - საცივს, გოზინაყს, „ლაბას“, აჩმას და ა.შ. ყველაფერს ვაკეთებ, გოჭს ვწვავ. მოკლედ, საჭმლის კეთება ძალიან მიყვარს და რატომღაც არავის სჯერა, რომ შემიძლია, მაგალითად, კომპოტი მოვხუფო, მურაბა მოვადუღო, ტყემალი გავაკეთო, არადა, ვაკეთებ და ეს მსიამოვნებს. უბრალოდ, რაღაც ასეთი სტერეოტიპია, უკვირთ.

ძალიან მიხარია, რომ ამ შეჯიბრებაში გავიმარჯვე და პრიზიც მერგო, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ, ჯერ კიდევ არ მჯერა (იცინის). დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, სპონსორებს, ყველას.

სოფო გორდაძე, „მულტის“ პიარ-მენეჯერი, ჟიურის წევრი:

- პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ გავეცანი „პალიტრა ელის“ მიერ გამოცემულ კულინარიულ წიგნს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წიგნების გამოცემა, რადგან კულინარია, სახლში კერძების მომზადება დღეს ძალიან პოპულარული გახდა, ეს უნარები კი ყველას არ აქვს, მაგალითად, თავისით რაღაცები მოიფიქროს, ამიტომ მსგავსი წიგნები მათ დიდ დახმარებას გაუწევს, ერთგვარი მეგზური, გიდივითაა. აუცილებელი არ არის, ყველა მზარეული იყოს, მაგრამ ზაფხულში, მეგობრებს რომ დაპატიჟებ სახლში, შეგიძლია წიგნის დახმარებით მოამზადო და მათ გაუმასპინძლდე.

ასეთი ტიპის ღონისძიებები კი საინტერესო, ასევე საჭირო და სახალისოა, პანდემიამაც ჩაიარა და ხალხს განტვირთვა და გართობა სჭირდება, ორი წელი მოვითმინეთ და ახლა ცოტა გავაქტიურდით, ამ ფაქტსაც ნამდვილად მივესალმები.

ორმაგად მიხარია ის, რომ ეს ღონისძიება „პიატო“-ში შედგა, ვაკის „მულტი“-ში. წარმატებას ვუსურვებ „პალიტრას“, ახალ წიგნს, მზარეულებს, მონაწილეებს და ვისურვებდი, ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს.

მარიამ ტურძილაძე, საიტის - gemrielia.ge თანარედაქტორი, შეფ-ლიტერატორის ჟიურის წევრი:

- მართალია, მონაწილეებმა თავიდანვე აღნიშნეს, რომ წერა გაცილებით უკეთ გამოსდით, ვიდრე სამზარეულოში ფუსფუსი, თუმცა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, გამოწვევას თავი მშვენივრად გაართვეს. რაც მთავარია, ყველას ჰქონდა თავისი ნიშა, რაც დანარჩენი მონაწილეებისგან გამოარჩევდა. საბოლოოდ, ღირსეულმა გაიმარჯვა და კიდევ ერთი, მშვენიერი ლიტერატურულ-გასტრონომიული საღამო შედგა.

თამთა დადეშელი