ავტორი:

"მე იგორ ბელანოვი ვარ, ეს ჩემი ვაჟია და ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების!“ - ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი სამშობლოს, შვილთან ერთად, იარაღით იცავს

"მე იგორ ბელანოვი ვარ, ეს ჩემი ვაჟია და ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების!“ - ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი სამშობლოს, შვილთან ერთად, იარაღით იცავს

უკრაინის საელჩო საქართველოში "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, 1986 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი, კიევის "დინამოს“ ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, იგორ ბელანოვი სამშობლოს იარაღით ხელში, შვილთან ერთად იცავს.

იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ შოკირებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით, რაც უკრაინაში ხდება. ბელანოვი ოდესიდან არის და ომის დაწყებიდან მალევე შეუერთდა უკვე საქვეყნოდ ცნობილ უკრაინის ტერიტორიულ თავდაცვას.

61 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო.

"უნდა გითხრათ, რომ კიდევ შოკში ვარ, დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მძინავს და კოშმარს ვხედავ, ანაც საშინელებათა ფილმს ვუყურებ. როდესაც ვნახე სამხედრო ჰოსპიტალი, დაჭრილი ბავშვები, ლამის გული გამიჩერდა. ან სხვა რა უნდა მეგრძნო და სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი?.. მე ვნახე, რა მოხდა ბუჩაში. ჩვენ მშვიდობა გვინდოდა და ნახეთ, რა მოხდა... ჩვენი ქალები, ბავშვები, მოხუცები - რა მდგომარეობაში არიან, მათ ეშინიათ ქუჩაში გასვლის, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის...“ - ამბობს ის იტალიურ გამოცემასთან.

იგორ ბელანოვმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო "ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა:

"ომში არაფერია კარგი, ის მოკლებულია რომანტიკას. იღუპებიან ბავშვები, მოზრდილები, მოხუცები. იღუპებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, უკრაინის საუკეთესო ვაჟები და ქალიშვილები.

9 მაისს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა მინდა, ვუსურვო უკრაინას! და დიდება თითოეულს, ვინც ეწინააღმდეგება ოკუპანტებს, ვინც თავხედურად მოვიდნენ ჩვენი მიწისა და თავისუფლების წასართმევად.

მე იგორ ბელანოვი ვარ, ეს ჩემი ვაჟია ვალერი ბელანოვი და ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების!“