ავტორი:

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა" - ლექსო თორაძის რთული ცხოვრება: მშობლები, გაქცევა ამერიკაში და მუსიკა, როგორც აღსარება...

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა" - ლექსო თორაძის რთული ცხოვრება: მშობლები, გაქცევა ამერიკაში და მუსიკა, როგორც აღსარება...

პიანისტი ლექსო თორაძე 30 მაისს 70 წლის უნდა გამხდარიყო, ხელოვანს ამ იუბილეს აღნიშვნა არ დასცალდა, 11 მაისს 69 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი სამძიმრის ტექსტით გამოეხმაურა.

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

"როდესაც გტოვებს სულიერი ძმა, ეს უფრო მტკივნეულია, ვიდრე 85 წლის დედ-მამის დაკარგვა. მთელი სიცოცხლე ერთად, ოჯახი, ნათელ-მირონი და რაც მთავარია, მუსიკა! ძალიან მტკივა, ჯერ კიდევ ვერ ვათვითცნობიერებ ამ ტრაგედიას, მტკივა, არ მასვენებს, ჩემი თავი მეცოდება მის გარეშე, თითქოს და მკლავი მომკვეთეს, ძმა დავკარგე, ეს ხომ საშინელებაა. ჩვენ ხომ უკვე 67, 68 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. არც კი მინდა, დავიჯერო და არ მრცხვენია ჩემი ცრემლების. დავკარგე უახლოესი მეგობარი, თანამოაზრე, ისეთი თანამუსიკოსი, რომელთანაც არ იყო საჭირო მუსიკალურ კონცეფციაზე წინასწარ მოლაპარაკება, რადგან ჩვენ ერთი მუსიკალური სუნთქვით ვსუნთქავდით. ეს ხომ უდიდესი დანაკარგია. ლექსო თორაძის წასვლით, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაზე შეხედულება. გამიჭირდება ამიერიდან ულექსოობა, მაგრამ ვიცი, რომ ის არ მიმატოვებს, და იქიდან გამიწევს მეგობრობას, თანადგომას და შთაგონებას. ბევრად მეტის თქმა მინდა, მაგრამ ამჯერად ასე იყოს!“

ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, კომპოზიტორი:

"ლექსო… ვაიმე… ვაააააააახ… სიმწრისგან არ ვიცი, რა გავაკეთო… დღის მანძილზე უჩვეულოდ ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი… ლექსო თორაძე… რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი საქართველოსთვის, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის… და ჩემთვის… მე ჩემი ლექსო დავკარგე დღეს… ძალიან ახლობელი, ძალიან“…

პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანი:

"ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! აღარ გვყავს ლექსო თორაძე... უდიდესი პიანისტი და უფრო დიდი ადამიანი და მეგობარი. ნათელი შენს ხსოვნას, ჩემო ლექსო..."

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

"ლექსო... არამხოლოდ უდიდესი მუსიკოსი, თავისუფლების, ერთგულებისა და ღირსების სიმბოლო. ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელმაც სსრკ და ყოველგვარი სიყალბე მრავალი ათეული წლის წინ დაამარცხა და გახდა თავისუფალი ადამიანი. მის სიმტკიცეს ვერანაირი ეჭვი, ჭორი და გარე დინებები ვერ შეეხებოდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა, ახლაც ასე დარჩება, ყველა ბრძოლაში ჩვენთან ერთად იქნება“.

მარცხნიდან მარჯვნივ: რევაზ ლაღიძე, დავით თორაძე, ანტონ წულუკიძე, ბიძინა კვერნაძე, ლექსო თორაძე, ალეკო მაჭავარიანი და ოთარ ეგაძე. ნესტან მესხის არქივიდან

მსოფლიო დონის გენიალური პიანისტი ლექსო თორაძე აშშ-ში ცხოვრობდა. ის კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის შვილი გახლდათ, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მალევე მოიპოვა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი არაერთი საერთაშორისო და მნიშვნელოვანი პრემიის ლაურეატი გახლდათ. შემოქმედებითი გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. ცხრა წლის ასაკში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა... ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს მოიცავს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა - მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია...ლექსო თორაძე აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1991 წელს ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია - Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა მოიპოვა.

  • გაქცევა აშშ-ში

უნიჭიერესმა პიანისტმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაში გაფრინდა და უკან აღარ დაბრუნდა. ხელოვანის ამ გადაწყვეტილებას მისი დედა, ქართული კინოს ლეგენდა ლიანა ასათიანი იხსენებდა: "პატარა ლექსო ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა. ის არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. მამამისმა, დავით თორაძემ დაუწერა ნაწარმოები, რომელიც პიანისტმა მის სიცოცხლეშივე რამდენჯერმე შეასრულა. სწორედ იმ დღეს, 7 ნოემბერს, როცა მოსკოვის კონსერვატორიის დარბაზში ლექსოს უნდა შეესრულებინა მამის მიერ მისთვის შექმნილი კონცერტი, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ის საოცრად ამაყობდა თავისი შვილით, იცოდა, რომ ლექსო ნიჭიერი იყო და დიდი სივრცეების დაპყრობა შეეძლო. როცა ლექსო თვითმფრინავით გაფრინდა, ვინატრე, ღმერთო, მთელი ცხოვრება ასე აფრინე გასტროლებზე-მეთქი. უფალმა ეს თხოვნა შემისრულა. როცა გავიგეთ, რომ ის უცხოეთში დარჩა, მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით ამ ამბავს. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს შვილს მეტი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო. იმის ილუზია არასოდეს მქონია, რომ ლექსოს სანახავად გამიშვებდნენ, მაგრამ აქაც ბედმა გამიღიმა. საბჭოთა კავშირში პირველი დედა ვიყავი, რომელიც შვილთან უცხოეთში გაუშვეს. საბჭოთა კავშირში რეიგანი უნდა ჩამოსულიყო, მანამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი - შულცი ჩამოვიდა. იგი თბილისშიც იყო და მაშინდელ ცკ-ის მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს დაუტოვა წერილი, ლიანა ასათიანი თავისი შვილის სანახავად გამოუშვითო. თურმე ლექსოს მისი უწყებისთვის მიუმართავს, დედას შემახვედრეთო. როცა ამ წერილის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, რომ ჭორი იყო, დაჯერება გამიჭირდა…

ამერიკაში რომ ჩავედი, ნიუ-იორკის აეროპორტი ხალხითა და ყვავილებით იყო გადაჭედილი. ლექსომ არაჩვეულებრივი შოუ მოაწყო. ტელეარხები, ფოტოკორესპონდენტები, ჟურნალისტები მოვიდნენ. მითხრა, - ხომ ხედავ, როგორი შეხვედრა მოგიწყვეო. ვუპასუხე, მე არ მომიწყვე, საკუთარ თავს გაუკეთე-მეთქი. იმ შეხვედრის შემდეგ მთელი ამერიკა ლექსო თორაძეზე ალაპარაკდა“.

  • ამონარიდი ლექსო თორაძის ინტერვიუდან:

"კონცერტის წინ სერიოზულად ვემზადები... კონცერტამდე არ შემიძლია ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. ლაპარაკს ენერგია მიაქვს და ტვინი სხვა მიმართულებით მიდის... კონცერტზე ცხადია, ვნერვიულობ, ისე შეუძლებელია დაკვრა...

...მძიმე რაღაცები თუ არ გაქვს ცხოვრებაში გადატანილი, სცენაზე რატომ გადიხარ?! კონცერტის პროცესი აღსარებასავითაა... ეს, ჩემ შემთხვევაში, უფრო დანაკარგებთანაა დაკავშირებული, ანუ როცა ძვირფას ადამიანებს კარგავ. ორივე შემთხვევაში მომიწია კონცერტზე გასვლამ - ფაქტობრივად, იმავე დღეს. ბოლოს, დედა რომ წავიდა, გზაში ვიყავი პეტერბურგისკენ. ნინომ, ჩემმა დამ დამირეკა, - დედა აღარ გვყავსო. ახლა ჰელსინკში ვარ და თბილისში მოვფრინავ-მეთქი. არავითარ შემთხვევაში, წადი პეტერბურგში და დაუკარი ისე, როგორც დედა მოისურვებდაო. ისევე, როგორც 1983 წელს მოხდა ვაშინგტონში. პირველი კონცერტია ამ გაქცევებისა და უბედურებების შემდეგ და გავიგე, მამა აღარ მყავს... უნდა გქონდეს იმის ძალა, რომ ასეთი ტრაგედია შენს საქმეში გადაიყვანო. ეს ამბავი იმ დღეს გავიგე, თორემ სინამდვილეში, ეს ორი კვირით ადრე მომხდარა. დედას და ჩემს დას რომ ველაპარაკებოდი, არ მითხრეს. კი მივხვდი, ხმები რომ შეეცვალათ, მაგრამ გაციებულები ვართო, - მითხრეს. რასაკვირველია, დედამ ეს გამიზნულად გააკეთა. თბილისში რომ ჩამოვსულიყავი, ხელს მტაცებდნენ და წამიყვანდნენ, როგორც სამშობლოს მოღალატეს“.

ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს - ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია.

  • P.S. ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი ხელოვანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მუსიკოსის ოჯახს, მთელ მუსიკალურ საზოგადოებას.