ავტორი:

ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სამედიცინო ექსპერტის განცხადება და ბასილაშვილის ადვოკატის პასუხი

ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - სამედიცინო ექსპერტის განცხადება და ბასილაშვილის ადვოკატის პასუხი

ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა იმართება.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ნელი დოროყაშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ილაპარაკა.

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მას დაზარალებულმა დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ექსპერტის თქმით, დოროყაშვილი მიუთითებდა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.

"მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე",- განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა, ექსპერტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ნელი დოროყაშვილმა დაზიანება.

როგორც ის განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დათვალიერებისას, ნელი დოროყაშვილს მკლავზე მხოლოდ სიწითლე ჰქონდა. რაც შეეხება ექსპერტის მიერ ასახულ დაზიანებას სისხლნაჟღენთის სახით, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაცვის მხარისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ის.

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკითხულია სასწრაფოს ექიმი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა პირველს დაეთვალიერებინა ნელი დოროყაშვილის მხარზე არსებული ესკორაციები. ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ დოროყაშვილს აღენიშნებოდა უმნიშვნელო დაზიანება სიწითლის სახით, რაც კანის ოდნავ აქერცვლაში გამოიხატებოდა. თავის მხრივ, როცა დაესვა კითხვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია მკლავის შიდა ნაწილში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, ექსპერტმა გამორიცხა აღნიშნული დაზიანების არსებობის ფაქტი 2020 წლის 21 მაისის 16:00 საათის მდგომარეობით.

ექსპერტმა ასახა ის დაზიანება, რაც ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა, თავის მხრივ, ექსპერტმა დღეს, დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ ეს დაზიანება შესაძლოა, მიყენებული იყოს რამდენიმე საათის შემდეგაც და არ იყოს წინააღმდეგობაში ხანდაზმულობის კუთხით. ამ ნაწილში ნელი დოროყაშვილის განმარტებები სარწმუნო არ არის. დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით უნდა ვიხელმძღვანელოთ სპეციალისტთა განმარტებებით. სპეციალისტი, რომელმაც პირველად, გულდასმით დაათვალიერა ნელი დოროყაშვილის მარჯვენა მკლავი, როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირი, ცალსახად დააფიქსირა, რომ მას აღნიშნული დაზიანება არ ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანება. საყურადღებოა შემდეგი დეტალი, როცა სასწრაფოს ექიმმა მსგავსად ექსპერტისა, ნელი დოროყაშვილს დაუსვა კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო გარე ზედაპირზე არსებული უმნიშვნელო დაზიანება კანის სიწითლისა და აქერცვლის სახით, მან უპასუხა, რომ ვერ იხსენებს და ვერ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული დაზიანება მასში ტკივილს არ იწვევდა, რაც სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ბრალის წარდგენისას",- განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.