ავტორი:

თურქმენეთში ათობით წყვილი ხელჩაკიდებული სიარულისთვის დააკავეს - ქალებს აეკრძალათ მაკიაჟი, თმის შეღებვა, სილამაზის პროცედურები: ახალი დიქტატორის ახალი წესები

თურქმენეთში ათობით წყვილი ხელჩაკიდებული სიარულისთვის დააკავეს - ქალებს აეკრძალათ მაკიაჟი, თმის შეღებვა, სილამაზის პროცედურები: ახალი დიქტატორის ახალი წესები

თურქმენეთში ათობით წყვილი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საჯარო სივრცეში ხელიხელჩაკიდებულნი იყვნენ. პოლიცია მათ ტრადიციებისა და საზოგადოებაში მოქცევის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

წყვილები თურქმენეთის ქალაქ მარიში დააკავეს. როგორც "რადიო თავისუფლების" თურქმენეთის ბიურო წერს, ბოლო დროს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ქალებზე კონტროლი ქვეყანაში უფრო მკაცრდება და მსგავსი შემთხვევებიც კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება.

"მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით. ჩვენთან ახლოს პოლიციის მანქანა გაჩერდა. გვითხრეს, რომ მანქანაში უნდა ჩავსხდეთ და განყოფილებაში მივიდეთ ახსნა-განმარტებისთვის“, - ამბობს მარის მცხოვრები, ანონიმურობის პირობით. მისივე თქმით, პოლიციის შენობაში მსგავსი "დანაშაულის“, ხელჩაკიდებული სიარულის გამო დაკავებული კიდევ რამდენიმე მოქალაქე იყო. თითოეული მათგანი ოთახებში შეიყვანეს და ცალ-ცალკე დაკითხეს.

"რადიო თავისუფლების“თურქმენეთის ბიუროს სხვა მაცხოვრებელები უყვებიან, რომ ისინი აიძულეს პოლიციაში "ლექციისთვის მოესმინათ.“

  • ერთ-ერთის თქმით, ლექცია ძირითადად ქალების ქცევის წესებს ეხებოდა. ლექციას პოლიციელები კითხულობდნენ და ქალებს ადანაშულებდნენ მაკიაჟის გამო, ამას კი "უსირცხვილობას“ უწოდებდნენ. ამბობდნენ, რომ ისინი არღვევდნენ "წესიერების სტანდარტებს, როდესაც მამაკაცებს ხელს ჰკიდებდნენ.“

"გვითხრეს, - ძველად ჩვენი დედები თავსაბურავის გარეშე არ დადიოდნენ. ქორწინების შემდეგ თავსაბურავებით უნდა იაროთ. წარსულში ეტიკეტის პირველი წესი სახის დაფარვა იყოო“, - იხსენებს ქალი. "რადიო თავისუფლებამ“ ვერ შეძლო კომენტარის მიღება ოფიციალური პირებისგან, რადგანაც ისინი უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან კომუნიკაციაზე.

ერთ-ერთი ქალის თქმით, დაკავებულები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერინეს დოკუმენტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მომავალში საჯაროდ არ გამოავლენენ სიყვარულს.“ პოლიციამ ისინი გააფრთხილა, წესების ხელახალი დარღვევის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, თუმცა არ განუმარტავთ, თუ რა სასჯელი ელოდათ.

აღსანიშნავია, რომ საჯაროდ ხელის ჩაკიდება თურქმენეთში ოფიციალურად აკრძალული არ არის.

ქვეყნის ავტორიტარულ მთავრობას დიდი ხანია ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების შელახვაში და თავისუფლების ჩახშობაში. თუმცა ახლა ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. თურქმენეთის ხელისუფლებამ ქალებზე კონტროლი გააძლიერა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტზე გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მისმა ვაჟმა, სერდარმა შეცვალა.

თურქმენეთის ახალი დიქტატორი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი

აპრილში პოლიციამ ათობით ქალი დააკავა იმ მიზეზით, რომ მათ ყალბი ფრჩხილები და წამწამები ჰქონდათ. პოლიცია აჩერებს ასევე ქალებს, რათა შეამოწმონ, მიმართეს თუ არა მათ ტუჩის გადიდების პროცედურას.

ანონიმური წყაროს ცნობით, რკინიგზის ეროვნული კომპანიიდან და ეროვნული ავიაკომპანიიდან ათობით გამცილებელი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ მკერდის იმპლანტები ჰქონდათ და ასევე ტუჩი გადიდებული.

ქალებს აეკრძალათ მკვეთრი მაკიაჟი, თმის შეღებვა, მანიკურისა და პედიკურის გაკეთება. საგზაო პოლიციამ პირადი მანქანების მფლობელებს აუკრძალა მანქანის სალონში იმ ქალების ჩასმა, რომლებიც მათი ნათესავები არ არიან. ასევე ქალებს აეკრძალათ მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომა.

მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების შესახებ ახალი კანონი არ მიუღიათ და არც ოფიციალური განცხადება გაუვრცელებიათ, თუმცა ამ აკრძალვებს აკონტროლებენ პოლიციის თანამშრომლები და სახელმწიფო კომპანიების დირექტორები. დამსაქმებლები მართავენ სპეციალურ შეხვედრებს ქალ თანამშრომლებთან და აცნობენ ახალ წესებს კოსმეტიკის გამოყენაბასთან, კოსმეტიკურ პროცედურებთან და ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ვერ ხსნიან, თუ რას უკავშირდება ცვლილებები და წესების გამკაცრება.

აშხაბადის მთავრობასთან დაახლოებული ანონიმური პირი ამბობს, რომ ხელისუფლება ფიქრობს, თურქმენ ქალებს სპეციალური ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ წასვლა აუკრძალონ.

წყარო