ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია" - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირველი განცხადებები გვარამიას დაკავების შემდეგ

"სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია" - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირველი განცხადებები გვარამიას დაკავების შემდეგ

"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. საკითხთან დაკავშირებით უკვე გააკეთე პირველი კომენტარები და შეფასებები ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს.

"ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, - ამბობს გოცირიძე.

მისივე შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი“.

"ის [ივანიშვილი] მჭიდრო კავშირშია რუს ოლიგარქებთან, მთელი მისი ქონება რუსეთში არის ნაშოვნი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის რეჟიმს ემსახურება და თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირ, მიზანმიმართულად ტელეკომპანია "მთავარის“ დასახურად გადადგმული ნაბიჯი. შემდეგ რიგში სხვები იქნებიან, რადგან ამ ხელისუფლების კრიმინალურ და ფინანსურ დანაშაულებს მხოლოდ თავისუფალი მედია ავლენს. ეს არავის შერჩება.

რაც შეეხება პერსპექტივას, სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • გიგი უგულავას განცხადებით კი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ყველა "წითელ ზღვარს გადავიდა."

"ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მას ან მის ოჯახს ცხვირში. თავად აგდებს საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეში იმით რასაც აკეთებს, ყველა წითელ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს და მისი დატოვება მოუწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა აქვს, რასაც არავინ არ აპატიებს", - ამბობს უგულავა.

"კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც. პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს - პუტინის რუსეთში. ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

  • ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.