ავტორი:

"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?

"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?

რუსი ოკუპანტები ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით აგრძელებენ.

"14 მაისს ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი, ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ", – წერს უკრაინული გამოცემა "უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს.

ანდრიუშჩენკოვის თქმით, "თავად ოკუპანტები ამბობენ, რომ გამოიყენეს აალებადი ყუმბარები 9М22С, რომელიც შეიცავს თერმიტულ ფენებს. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი ცელსიუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ჯოჯოხეთი ჩამოვიდა დედამიწაზე, აზოვსტალში. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი დამცველები“, - აღნიშნა ანდრიუშჩენკოვმა.

მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ აკრძალული ჭურვების გამოყენების გამო, უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იმავე "უნიანის“ ინფორმაციით, "აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ქარხანა, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ. ოკუპანტები ქარხანას უტევენ სარაკეტო-ბომბდამშენებით, არტილერიითა და ტანკებით. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის პროცესში ჩაერთნენ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები, მათ შორის - თურქეთი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციით ქარხნის გათავისუფლება უდიდეს ძალისხმევას და დიდძალ ჯარს მოითხოვს.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, საქმე გვაქვს არა ფოსფორის ბომბებთან, არამედ 14 მაისს რუსების მხრიდან გამოყენებულ იქნა ცეცხლგამჩენი რეაქტიული ჭურვები, რომლებიც გაშვებულ იქნა "გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

- მარიუპოლში "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა ბომბსაფარებში თავშეფარებულნი არიან უკრაინელი სამხედროები, მათ შორის, "აზოვის“ პოლკის წარმომადგენლები, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები - დაახლოებით 1000 კაცზე მეტი. მათ შორის ბევრია დაჭრილიც... თითქმის 2 თვეა, რაც ეს ტერიტორია იბომბება და, რა თქმა უნდა, ისინი რთულ პირობებში არიან. მებრძოლები არ სხედან მხოლოდ მიწისქვეშა თავშესაფრებში, გამოდიან, ბრძოლებში ერთვებიან და მერე ისევ ბუნკერებს აფარებენ თავს. რუსები ვერ ბედავენ შიგ შესვლას, ახლო ბრძოლას, ვინაიდან იციან, დიდი მსხვერპლი ექნებათ, ამიტომაც ისინი დაბომბვაზე არიან გადასულები, ბომბავენ თითქმის ყველა საშუალებით, რაც კი გააჩნიათ. აქამდე თუ გამოყენებული იყო სამტონიანი ფუგასური მოქმედების საავიაციო ბომბები, რითაც ბევრი ვერაფერი დააკლეს, ახლა უკვე 14 მაისს გამოიყენეს ცეცხლგამჩენი რეაქტიული ჭურვები, რომლებიც გაშვებულ იქნა "გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

ეს არის 3 მეტრის სიგრძის რაკეტა, რომელსაც ისვრის "გრადის“ დანადგარი. ის ჩვეულებრივი რაკეტისგან იმით განსხვავდება, რომ მის ქობინში მოთავსებულია 180 ერთეული ცეცხლგამჩენი ელემენტი, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებულ ექვსკუთხა შავი ფერის კაფსულას, მასში ჩაპრესილია პიროტექნიკური შემადგენლობა. გასროლის შემდეგ, როცა რაკეტა მიზანს უახლოვდება, ჰაერში ხდება ამ 180 ცალი ცეცხლგამჩენი ელემენტის რაკეტიდან გაფანტვა (ფაქტობრივად, ეს რაკეტა არის კასეტური სახის), ელემენტების მიწაზე დაცემისას ხდება მათი აალება და რადგანაც ის მაგნიუმის შენადნობისგან შედგება, ორი წუთი 2 ათას გრადუსზე მეტი ტემპერატურის გამოყენებით იწვიან და ხანძრის კერებს აჩენენ. მათი წყლით ჩაქრობა შეუძლებელია, ადამიანის სხეულზე მოხვედრისას კი საშინელ დამწვრობას იწვევს. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ცეცხლგამჩენი ბომბებისა და რაკეტების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების დროს, აკრძალული არ არის. ეს არ არის ფოსფორიანი ბომბები, თუმცა თეთრი ფოსფორი შედის რაკეტებისა და საავიაციო ბომბების, იმ ჭურვების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება მიწაზე ადგილის მოსანიშნად ან ჰაერში - მანათობელ ბომბებში. ასევე ხელოვნური კვამლის შესაქმნელად რაიმეს დასაფარად.

- ცეცხლგამჩენი ჭურვები მიწისქვეშა თავშესაფრებს რამეს დააკლებს?

- ისინი მიწის ზედაპირზე იწვის და მას, ერთადერთი, შეუძლია ხანძრის კერების წარმოქმნა. ცეცხლგამჩენი რაკეტით შორი მანძილიდანაც შეიძლება დივერსიის მოწყობა ტყის მასიური ხანძრების გაჩენის სახით... "აზოვსტალის“ მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ უკრაინელ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა, იმ შემთხვევის გარდა, თუ კი ისინი დაბომბვის მომენტში ზემოთ არ იყვნენ ამოსულნი და არ მოხვდნენ დაბომბვის არეალში.

- ეს იარაღი აკრძალულია?

- ჩვეულებრივი შეიარაღების კონკრეტული სახეობების შესახებ კონვენციის პროტოკოლის მე-3 ნაწილი გარკვეულწილად არეგულირებს ამ ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენებას ომების დროს, ოღონდ, ცოტა უცნაურად, ანუ კრძალავს დასახლებულ პუნქტებში ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის ჰაერით მიტანას, ავიაციით დაბომბვას და ა.შ. თუმცა უშვებს მის გამოყენებას სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის მეშვეობით. ეს კონვენცია, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. არც ესენი და არც კასეტური ბომბები სრულად არ არის აკრძალული. მაგალითად, აკრძალულია მაშინ, თუ მოწინააღმდეგე მხარემ იცის, რომ მოსახლეობა ახლოს ცხოვრობს, თუმცა ომის დროს ამას ვინ ითვალისწინებს? გარდა ამისა, არის ქვეყნები, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი აქტზე, რომ კასეტურ იარაღს არ გამოიყენებენ და რომ მათ გაანადგურებენ, მაგრამ რუსეთს, უკრაინას, აშშ-ს და საქართველოს ამაზე ხლი არ აქვს მოწერილი.

- "აზოვსტალიდან“ აზოველების სამხედრო გზით გამოყვანა შესაძლებელია, აქვთ მათ ამის შანსი? თუ არა, არსებობს დიპლომატიის გზაც - თურქეთის ჩარევამ შესაძლოა უზრუნველყოს მებრძოლებისთვის კორიდორის გახსნა ?

- ამ ეტაპზე სამხედრო გზით მებრძოლების გამოყვანა შეუძლებელია იმიტომ, რომ მაშინ უკრაინამ არმიის დიდი ნაწილი უნდა მოხსნას ფრონტიდან (უკრაინის არმია მარიუპოლიდან ახლა დაახლოებით 120 კმ-ში იმყოფება), ამ 120 კმ-ის ბრძოლებით გავლისას მას ექნება უდიდესი მსხვერპლი, თუნდაც იმიტომ, რომ ჰაერს რუსეთის ავიაცია აკონტროლებს, თან სტეპებია, მოშიშვლებული ადგილები და დამალვა ურთულესია. რაც შეეხება დიპლომატიის გზას, ინიციატივა გამოიჩინა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც 2-ჯერ ესაუბრა პუტინს და უთხრა, გამზადებული მყავს სამოქალაქო გემი, რომელზეც 2000 კაცამდე ეტევა, ის თურქეთიდან ერთ დღეში ჩავა აზოვის ზღვით და ბერდიანსკს მიადგება (ვინაიდან მარიუპოლის პორტის სიახლოვე დანაღმულია), ამ ხალხს ჩავსვამთ ავტობუსებში, გემით გადავიყვანთ თურქეთში და გარანტიას გაძლევთ, ომის დამთავრებამდე ისინი ბრძოლებში მონაწილეობას აღარ მიიღებენო. პუტინი ამაზე, რა თქმა უნდა, არ წავა და აი, რატომ:

1. "აზოველები" ამბობენ, იარაღს არ დავყრით და არ ჩავბარდებითო. ეს გასაგებიცაა, მათი ტყვედ ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ მებრძოლებს დახვრეტენ, ან საშინლად აწამებენ.

2. რუსეთმა, წლების განმავლობაში, "აზოვის“ პოლკის მებრძოლებისგან შექმნა მტრის ხატი, როგორც ნაცისტების, ყველაზე დიდი“ფაშისტების“, ამიტომაც მათი გამოშვების შანსი თითქმის არ არის. რუსეთი ითხოვს ერთს - დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

3. უკრაინამ რუსებს შესთავაზა, ამ ხალხში 1000-მდე რუსი სამხედრო ტყვე გავცვალოთო. რუსეთი ამაზეც არ წავა, ტყვეების კი არა, დაღუპულების გამოყვანაც არ აინტერესებს, თუმცა ეს იქნებოდა გამოსავალი. ამ ეტაპზე მიდის საუბარი 38 ადამიანზე, რომლებიც "აზოვსტალში“ მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია - მძიმედ დაჭრილები, ხელ-ფეხ მოკვეთილები...

არის ერთი ოპტიმალური გამოსავალი: ახლა ფრონტის ხაზი 700 კმ-ზეა გადაჭიმული, უკრაინელი სამხედროები აღწევენ გარკვეულ წარმატებებს, დამატებით აჰყავთ დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეები, მათ შორის - მაღალჩინოსნები, პოლკოვნიკები, თვით გენერლებიც კი და უკვე მათ გაცვლაზე მიდის ლაპარაკი. ალბათ პუტინი ამაზეც არ წამოვა, რადგან მას უნდა "აზოველების" საჩვენებელი დასჯა - გადაიღონ ფოტოები და ვიდეოები, მებრძოლები როგორ ნებდებიან და ყრიან იარაღს, როგორ გამოდიან თეთრი დროშებით და სხვა, ამის ჩვენება უნდათ. რთულია იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ამბავი, სამწუხაროდ, "აზოველები“ მძიმე მდგომარეობაში არიან...

იხილეთ ასევე: