ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის" - დევიდ კრამერი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

"საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის" - დევიდ კრამერი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტის შეფასებისას აცხადებს.

როგორც კრამერი ინტერვიუში ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილება "აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა".

"ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ "რუსთავი 2"-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“, - აცხადებს კრამერი.

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც გავლენას ახდენს.

"ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია", - განაცხადა ინტერვიუში კრამერმა.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.