ავტორი:

"თითქოს გაჩნდა იმედი, მაგრამ კვლავ შევცდი... მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს" - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

"თითქოს გაჩნდა იმედი, მაგრამ კვლავ შევცდი... მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს" - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს მისი შვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.
იგი კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, დროულად გამოიკვლიონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაიწყონ შესაბამისი მკურნალობა. ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს. მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ, რაც ხდება მიშას ირგვლივ.
თითქოს ყინული დაიძრა, მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით, გაიღვიძა ჰუმანურობამ. კვლავ შევცდი.
მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება "ვივამედის" კლინიკაში, და რა? სტანდარტული ფრაზები -კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს, არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის. სურვილისამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში. ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი. რა ხდება?
სასწრაფოდ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა. გაიგეთ, რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი.
მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს." - წერს ექსპრეზიდენტის მამა "ფეისბუქში".