ავტორი:

"ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი..." - რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვებში გამოვლენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს, რას აცხადებენ ჯანმო-ში და რას ურჩევენ ექიმები მშობლებს

"ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი..." - რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვებში გამოვლენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს, რას აცხადებენ ჯანმო-ში და რას ურჩევენ ექიმები მშობლებს

ბოლო დღეებია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები ბავშვებში გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის გავრცელებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, დაავადებას მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს, რის გამოც დაავადებულთა 90%-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ექიმებს გაფრთხილება მისცა, რათა განსაკუთრებული თვალყური ადევნონ ჰეპატიტის შემთხვევებს. როგორც abc წერს, აშშ-ში შემთხვევების უმეტესობა 1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა, თუმცა იყო შემთხვევები 16 წლამდე მოზარდებში.

CDC-ში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია, მომდევნო თვეებში შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მათივე ცნობით, ახლა ექსპერტები მონაცემების შეგროვებისა და დაკვირვების ეტაპზე არიან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ბავშვები ვაქცინირებულნი არიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა ეს შტამი აქამდე არსებული A, B, C და D ჰეპატიტებისგან განსხვავებულია და ვაქცინა არ არის ეფექტიანი. CDC მშობლებს აფრთხილებს, რომ აკონტროლონ ნიშნები, სიმპტომები და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, რათა თავიდან აირიდონ დაავადების გართულება.

  • რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში?

ჯანმომ ჯერ კიდევ 23 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ჰეპატიტის ბავშვებში გავრცელების შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც ჯერჯერობით არ იციან, რა იწვევს მოზარდებში მწვავე ჰეპატიტს და მბობენ, რომ მიმდინარეობს კვლევა.

21 აპრილის მონაცემებით (ჯანმო-ს მონაცემები ჯერჯერობით განახლებული არ არის) მსოფლიოს მასშტაბით სულ აღწერილია ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის 169 შემთხვევა. შემთხვევები გამოვლენილია შემდეგ ქვეყნებში - დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ესპანეთში, ისრაელში, აშშ-ში, დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდების სამეფოში, იტალიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, რუმინეთსა და ბელგიაში.

ჯანმო-ს ცნობით, ვირუსი ვლინდება 1-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებში. დაავადებულთა 10%-ს დასჭირდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

გამოვლენილ სიმპტომებს შორის კლინიკური სინდრომია მწვავე ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) საგრძნობლად მომატებული ღვიძლის ფერმენტებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლა მთავარია აღირიცხოს შემთხვევები და სპეციალისტებმა ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზების დაადგინონ, რათა მომავალში მისი პრევენცია გახდეს შესაძლებელი.

  • რა სიმპტომები ახასიათებს?

დაავადება უმეტესად გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით - ცხელება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სიყვითლე თვალები გარშემო, ან კანზე რომელიმე ნაწილი. მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ექიმს.