ავტორი:

"ქალს ოპერაცია სჭირდებოდა, არადა, საოპერაციო დაბომბილი იყო. ამ დროს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ დედაც მოკვდა..." - მარიუპოლელი ანესთეზიოლოგის უმძიმესი ნაამბობი

"ქალს ოპერაცია სჭირდებოდა, არადა, საოპერაციო დაბომბილი იყო. ამ დროს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ დედაც მოკვდა..." -  მარიუპოლელი ანესთეზიოლოგის უმძიმესი ნაამბობი

ალექსანდრე ბაზელევი დონეცკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტია. 6 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა ექთან-ანესთეზიოლოგად მარიუპოლში, როდესაც ომი დაიწყო. 24 თებერვალს ნებაყოფლობით წავიდა სამუშაოდ 555-ე სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სამი თვე გაატარა, ვიდრე საავადმყოფო ბომბებისგან არ განადგურდა. ახალგაზრდა მედიკოსი ამბობს, რომ დღეს მარიუპოლში სისხლისა და გვამების სუნი დგას და ბალახიც კი წითლად არის შეღებილი. ის ჰყვება, იმ მძიმე დღეებზე, რომელიც კოლეგებთან ერთად ბომბების ქვეშ გაატარა...

ალექსანდრე ბაზელევი:

- 24 თებერვალს ჰოსპიტალში რომ მივედი, საავადმყოფოს დირექტორი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილების უფროსები დამხვდნენ. მითხრეს კონკრეტულად მე რა მევალებოდა, რადგან აუცილებელი იყო სისწრაფე და ყველას ჩვენი საქმე უნდა გვცოდნოდა. იმდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ უნდა შეგვეშალა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში მსახურობდა, მედდა, ექიმი, პასუხისმგებელი იყო რაღაცაზე.

პირველივე დღეს 20 დაჭრილი ჯარისკაცი მივიღეთ. ყოველ მომდევნო დღეს ათეულობით ემატებოდნენ, შემდეგ უკვე მშვიდობიანი მოქალაქეებიც და ბავშვები... ჩვენ ყველამ ერთი დიდი დღე ვიცხოვრეთ ომში, ბომბების ქვეშ. სამედიცინო პერსონალი ცოტა ვიყავით და მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით, მუდმივად მოჰყავდათ დაჭრილები. დროის შეგრძნება უბრალოდ გამიქრა, არ ვიცოდი, რომელი დღე იყო, რიცხვი. ტელეფონებს ვერ ვიყენებდით, რადგან კავშირი არ იყო.

მადლობა ღმერთს, დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა სისხლის და სხვა სამედიცინო მარაგები, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. შემდეგ უკვე იმით ვმუშაობდით, რაც გვქონდა. სიტუაციიდან იმპროვიზირებული მეთოდებით გამოვდიოდით და დაჭრილების დაზიანებებიც გაუარესდა.

ჩემი ცოლ-შვილი ომის წინ კრივოი როგში გაემგზავრა, ჩემს მშობლებთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი კარგად იყვნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ცოცხალი ვიყავი, თუ არა. მალე ჰოსპიტალში ექიმების რიცხვი შემცირდა. მე უფროსი ანესთეზიოლოგი გავხდი. ვიდრე ქირურგი, ოპერაციას აკეთებდა, დაჭრილებზე ვზრუნავდი, ჩემი ამოცანა იყო ისინი შოკიდან გამომეყვანა.

მალე გარშემო ყველა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა, ყველა ავადმყოფი ჩვენთან მოჰყავდათ, ორსული ქალები, კაცები, ბავშვები, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე. ექიმები პირველ რიგში მათ მკურნალობდნენ, ვისაც გადარჩენის მცირე შანსი მაინც ჰქონდათ, ომი უკვე ჩვენს ქუჩაზე იყო...

24 წლის ვარ, მედიცინაში ვარ 16 წლიდან, ჩემი 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება არაფერია იმ სამ თვესთან, რაც მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტალში გავატარე. არასოდეს დამავიწყდება დაღუპული ბავშვები, ის ბავშვები, რომლებიც ვერ დაიბადნენ. ჰოსპიტალში ბევრი ბავშვი გვყავდა. გვიხაროდა, როცა ბავშვს დედები ძუძუთი კვებავდნენ, რადგან ხელოვნური რძის შოვნას ვერ ვახერხებდით, წყლის ადუღების საშუალებაც არ გვქონდა.

მარტში მე-3 საავადმყოფოში მივედით ანესთეზიის ბლოკის მოსაწყობად. ომამდე იქ ონკოლოგიური, პედიატრიული, ქირურგიული და სამშობიარო განყოფილებები იყო. ჩვენი გეგმა იყო აქ მსუბუქად დაჭრილი პაციენტები გადმოგვეყვანა, რადგან ამდენ პაციენტს ვეღარ ვუვლიდით. იქ მისვლის პირველივე დღეს დავიწყეთ საოპერაციო ოთახების მოწყობა ონკოლოგიურ განყოფილებაში. დაღამებამდე რაღაც უკვე გაკეთებული იყო. დავწექით დასასვენებლად და ღამე დაბომბვა დაიწყო. ყველამ ნახეთ ფოტოებზე დაბომბილი სამშობიარო, ყველაფერი განადგურდა...

ჩემთვის ამ დღეებში მარიუპოლში სისხლისა დ წამლებისა სუნი იდგა. პირველად ტანსაცმელი მაშინ გავიხადე, როდესაც თვეების შემდეგ მშობლებთან კრივოი როგში დავბრუნდი.

მარიუპოლში ყვავილები აღარ იზრდება და ბალახი სისხლივით წითელია. ირგვლივ ბევრი გარდაცვლილია... ცხედერებია ბინებში, ქუჩებში, ყველგან. შიშის გრძნობა აღარ გვქონდა. ვიცოდით, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთხელ ჩვენი კორპუსის ზღურბლთან ვიდექით მოსაწევად. უცებ ჭურვი ხეს მოხვდა, ჩვენგან 15 მეტრში. გაგვიმართლა იმათ, ვინც მარჯვნივ ვიდექით, რადგან მარცხნივ ვინც იდგნენ, ისინი დაშავდნენ. ერთხელ სამედიცინო პერსონალის დასასვენებელ ზონაში საჰაერო ბომბი შემოფრინდა, ვისაც გაგვიმართლა გამოვედით... მინიმუმ 4 ადამიანი სამუდამოდ დარჩა ნანგრევების ქვეშ.

ფაქტობრივად, საოპერაციო ბლოკი აღარ გვქონდა და ამ დროს ორსული ქალი შემოიყვანეს. ფეხი ისეთ მდგომარეობაში გქონდა, რომ ამპუტაცია სჭირდებოდა და ამისთვის ყველაზე ბევრი დრო ორი საათი გვქონდა, რადგან ძლიერ სისხლდენას ვერ ვაჩერებდით. ამ დროს საოპერაციო დაბომბილი იყო და ჩვენ ხელსაწყოები აღარ გვქონდა.

ქალს მხოლოდ ანესთეზია გავუკეთეთ, შოკის მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ და ქირურგიული მკურნალობა გადავდეთ. პირველივე ტრანსპორტით, რომელიც გამოჩნდა, ის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაციისთვის მზადებისას სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ კი თავადაც მოკვდა...

ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვმუშაობდით, არაფერი აღარ გვქონდა. მენეჯმენტმა გადაწყვიტა დაჭრილი ჯარისკაცების ნაწილი ილიჩის რკინა-ფოლადის საამქროში, ნაწილი "აზოვსტალში" გადაეყვანათ. ექიმები მათ გაჰყვნენ. სამოქალაქო პირები ცდილობდნენ ქალაქი დამოუკიდებლად დაეტოვებინათ.

საავადმყოფოში გვყავდა ერთი კაცი, სახელად ვასია. მეთაურთან მივიდა და 20 ლიტრი ბენზინი სთხოვა, გადავწყვიტე ქალაქი დაგვეტოვებინა. 5 ზრდასრული ვიყავით, მათ შორის ერთი ორსული და 8 თვის ბავშვი. მივდიოდით ქუჩებში, გზას ვეძებდით, რომელიც ქალაქიდან გაგვიყვანდა. გზად ცხედერების კატასტროფული რაოდენობა გვხვდებოდა, თან ყველგან ომი იყო, ბრძოლა. ქალაქი საბოლოოდ მწვანე დერეფნის საშუალებით დავტოვეთ...

ახლა სასწრაფო მანქანაში ასისტენტად ვმუშაობ, დიპლომს ივლისში ავიღებ. როდესაც კრივოი როგში ჩავედი მშობლებისა და ცოლის მოსანახულებლად, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავი. არ უნდა წამოვსულიყავი და იქ უნდა დავრჩენილიყავი, მარიუპოლში, რადგან იქ ვიყავი საჭირო. მაშინ, პირველად მთელი ომის განმავლობაში, სასოწარკვეთილებამ მომიცვა. ეს გრძნობები ისევ ჩემთანაა. არჩევანი რომ მქონდეს და ახლა ისევ იქ რომ ვიყო, აუცილებლად დავრჩებოდი... წყარო