ავტორი:

წყნეთი-ბეთანიის გზასთან კვლავ ნაპრალები გაჩნდა - რამდენად დიდია საფრთხე, რომ მეწყრული პროცესები ახალი ტრაგედიის მიზეზი გახდეს?

წყნეთი-ბეთანიის გზასთან კვლავ ნაპრალები გაჩნდა - რამდენად დიდია საფრთხე, რომ მეწყრული პროცესები ახალი ტრაგედიის მიზეზი გახდეს?

ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა თბილისში, როცა მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი - ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა, რის მიზეზიც გახდა წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მთის მასა, რამაც დაანგრია გზის 650-მეტრიანი მონაკვეთი და ჩავიდა მდინარე ვერეს კალაპოტში, რის შედეგადაც ადიდდა მდინარე, ღვარცოფმა კი დედაქალაქამდე მიაღწია.

სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა მომხდარიდან 3 წლის შემდეგ, 2018 წელს გაიხსნა.

როგორც ირკვევა, მეწყრული პროცესების გამო პრობლემა ისევ აქტუალური გახდა. იმ კლდიდან, რომლიდანაც წლების წინ მიწის უზარმაზარი ფენა დაცურდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალი ნაპრალები გაჩნდა.

როგორც გეოფიზიკოსი თეა გოდოლაძე ამბობს, ეს პროცესი სულაც არ არის ახალი.

ექსპერტის თქმით, მთლიანი ხეობა მეწყერსაშიშია, შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ტერიტორიის ახლოს ხორციელდება, მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

"მიუხედავად ტრაგედიისა, ვერის ხეობაში დღესაც შენდება სახლები. გაიცემა ნებართვები, მაშინ როცა ყველა დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ტერიტორიიდან სწრაფად უნდა მოხდეს მოსახლეობის ევაკუაცია“.

  • რა არის პრობლემის საფუძველი?

სპეციალისტების თქმით, პრობლემა კომპლექსურია და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, რადგან გარემო მომზადებულია, ჩახმახი კი შეიძლება მასიური ნალექი გახდეს. ახალი ნაპრალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, სწორედ წვიმების შედეგად წარმოიშვა. არსებობს მეწყრული პროცესების წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც, ექსპერტ თეა გოდოლაძის თქმით, ადგილზე არ არის.

"განგაშის საფუძველი ჯერ არ გვაქვს, თუმცა მეორეს მხრივ, აუცილებელია მონიტორინგის გარძლიერება, ტერიტორიაზე უნდა იყოს მრავალპარამეტრული და ჯიპიეს სენსორები, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადასცემს მონაცემებს“, - ამბობს გოდოლაძე და დასძენს:

"ჩვენ მერიას თხოვნით მივმართეთ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვინაიდან კომპანიას, რომელიც მონიტორინგს ატარებს, არ ვენდობით, არ ვიცით, იქ დასაქმებულთა კვალიფიკაცია“.

პრევენციის საუკეთესო საშუალება სამანქანე გზის გაუქმებაა.

"გეოლოგიური დასკვნების გათვალისწინებით, უნდა გაკეთდეს ხიმინჯების შემოვლითი გზა, ასეთი გზის გაყვანისთვის ფული არ უნდა დაეხარჯათ... თუ წვიმები გაგრძელდა, მიწის მასა მოიმატებს, გრავიტაციის ძალით კი ის აუცილებლად ჩამოვა ქვემოთ, რასაც ნაპრალის გადიდება მოჰყვება. ეს შეძლება მოხდეს ხვალ, 2 ან 10 წელში, მისი კონტროლისთვის კი მონიტორინგის გამართული სისტემებია საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე ადგილზე არაა", - ამბობს გოდოლაძე.

ავტორი: ნინი ქობალია