ავტორი:

4 ტელევიზიის ჟურნალისტები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის შეხვედრების პარალელურად ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსს მართავენ

4 ტელევიზიის ჟურნალისტები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის შეხვედრების პარალელურად ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსს მართავენ

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად, სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები სოლიდარობის აქციას მართავენ.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს, მედიის წარმომადგენლების ნაწილი დგას პლაკატებით -"თავისუფლება ნიკას, თავისუფლება მედიას", "მთავარი თავისუფლებაა", "Oligarch vs Democracy", "დაასანქცირეთ ოლიგარქი".

პერფორმანსის ფარგლებში ჟურნალისტებს ფერადი ლენტებით აქვთ ხელები შეკრული და თვალები ახვეული.

მედიის წარმომადგენლები დერეკ შოლესთვის წერილის გადაცემას გეგმავენ.

"4 კრიტიკული მედიის წარმომადგენლები გადავცემთ წერილს დერეკ შოლეს, რომ ამ წერილმა ჩააღწიოს ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში. ყველას უნდა გავაგებინოთ, სადაც კი ხმა მიგვიწვდება, რამდენად უკანონოდ მოხდა ნიკა გვარამიას დაკავება, რომელიც გაუშვეს ციხეში იმ საქმის გამო, რაც ჩვენი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს სასჯელს და არ კვალიფიცირდება როგორც დანაშაული. ამიტომ სადაც მიგვიწვდება ხმა, ყველგან ხმამაღლა უნდა ვთქვათ რა დღეშია ქვეყანაში მედია. ნიკა გვარამიას დაჭერით, ჩემი აზრით, იწყება ძალიან მძიმე ეტაპი ქართული თავისუფალი მედიისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს, ვისი ხმაც არ მოეწონება ხელისუფლებას, წარმატებით შეუთითხნიან რაიმე ბრალდებას და რომელიმე მონა მოსამართლის ხელის მოწერით გაუშვებენ ციხეში. ამას ემსახურება ჩვენი აქ ყოფნაც. ყველაფერს აკეთებენ - ფინანსურად, სარეკლამო კანონში ცვლილებებით, სისხლის სამართლის აბსურდული საქმეებით გვახრჩობენ და ეს უკვე გააფორმეს ნიკა გვარამიას ციხეში გაშვებით. გვახრჩობენ, მაგრამ არ დავიხრჩობთ თავს!"- განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.