ავტორი:

სტარტაპების დაფინანსების ზრდის პერსპექტივა - პანელური დისკუსია BTU-სგან საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობით

სტარტაპების დაფინანსების ზრდის პერსპექტივა - პანელური დისკუსია BTU-სგან საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობით

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საქართველოში სტარტაპებისთვის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გამართა, რომელიც მოიცავდა Viber-ის წარმომადგენლის პრეზენტაციას კომპანიისა და საქართველოში არსებულ პოტენციალთან დაკავშირებით, გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელის ინვესტორების, საერთაშორისო ვენჩურული ფონდების წარმომადგენლებისა და წარმატებული სტარტაპების გამოსვლებს.

პანელური დისკუსია ასევე ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს.

დისკუსიაში ჩართულები იყვნენ MIT GSW-ის წარმომადგენელი Anna Eckhoff, Viber-ის წარმომადგენელი დორინ ჰოფტი, GITA - იური სადოევი, სტარტაპი Payze - გეგა წურწუმია, Global Startup Foundation – Angel ინვესტორი მენი ბენიში და სტარტაპი Theneo - ანი რობაქიძე.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო Rakuten Viber-ის წარმომადგენლის პრეზენტაცია თემაზე „Tech Landscape of Georgia“. კომპანია საქართველოში 2022 წლიდან შემოდის და თბილისში ახალ ოფისს ხსნის. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა დორინ ჰოფტმა აღნიშნა, Viber-ი საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე.

Keynote speech-ის ფარგლებში მან ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა Viber-მა საქართველოში შემოსვლა და როგორ აფასებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. ასევე, დორინ ჰოფტმა მიმოიხილა სფეროში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და გეგმები, რომლებიც Viber-ს ქართულ ბაზართან დაკავშირებით აქვს.

„მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. Viber-ი ყოველთვის ცდილობს, გაფართოვდეს იმ ქვეყნებში, სადაც პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს მოსახლეობა აქტიურად იყენებს Viber-ს. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მეტი ვისაუბროთ Viber-ის შესახებ, რატომ ვხედავთ საქართველოში პოტენციური ზრდის შესაძლებლობას და ველოდებით, რომ პირისპირ შევხვდებით ინვესტორებს, სტუდენტებს, სტარტაპებსა და ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა Viber-ის წარმომადგენელმა დორინ ჰოფტმა.

პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაც სტარტაპების დაფინანსების მოზიდვა იყო, მოდერატორმა გიორგი ჩუგოშვილმა სტუმრებთან ერთად სიღრმისეულად განიხილა სტარტაპისთვის დაფინანსების მოპოვების პროცესი, მასთან დაკავშირებული ხშირად დაშვებულ შეცდომები და ასევე, საინტერესო რჩევები. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ასევე, MIT GSW-ის პერსპექტივაც მოესმინათ.

როგორც MIT GSW-ის წარმომადგენელმა Anna Eckhoff-მა განაცხადა, უნივერსიტეტების როლი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რისი კარგი მაგალითიც ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია.

„არსებობს შეხედულება, რომ ადამიანები ანტრეპრენერებად ან გამომგონებლად იბადებიან, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სამეწარმეო უნარების შესწავლა შესაძლებელია და ეს პროცესი მოიცავს, იმას, თუ როგორ შეიძლება შეაფასო იდეები, განავითარო ისინი. ვფიქრობ, რომ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამის კარგი მაგალითია. ბევრი ახალგაზრდა ცდილობს საკუთარი იდეის განხორციელებას, მაგრამ ამისათვის გარკვეული უნარები, კავშირები გჭირდება და ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ როგორც სხვადასხვა უნარის განვითარებაში, ისე სხვადასხვა ინსტიტუციებთან კავშირების გაღრმავებაში, რაც სტარტაპერებს დაეხმარებათ, თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ“, - აღნიშნა მან.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა Angel ინვესტორმა და Global Startup Foundation-ის წარმომადგენელმა მენი ბენიშმაც:

„საქართველოსთვის ყველა საზღვარგარეთიდან ჩამოსული სერიოზული კომპანია მნიშვნელოვანია, რადგან აქაური ბაზარი ვითარდება, აქაური თანამშრომლებიც ვითარდებიან. ყველა ახალი ბიზნესი კი იწყება ისეთი თანამშრომლებით, ვინც ვითარდებიან დიდ კომპანიებში, სწავლობენ და შემდეგ ამ შესაძლებლობას თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად იყენებენ“, - აღნიშნა მენი ბენიშმა.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღონისძიება გაიმართა Techworking Georgia-ს ფარგლებში, რომელმაც გააერთიანა სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსი, Pitch Yourself - სტუდენტების Showcase და Angel ინვესტორებთან Networking სესია.

BTU-ის რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, ღონისძიებების სერია, რომელიც საქართველოში სტარტაპებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ეხებოდა, მნიშვნელოვანი იყო სფეროთი დაინტერესებული დამსაქმებლებისა და პროფესიონალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და სიახლეებზე სასაუბროდ:

„Techworking Georgia არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა სტუდენტების სტარტაპ კონკურსი, Pitch Yourself კონკურსი IT მიმართულების სტუდენტებისთვის, რომელთაც შევახვედრეთ საქართველოში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო IT კომპანიებს და პანელური დისკუსია, რომელიც ინოვაციების ეკოსისტემის სხვადასხვა წევრებს აერთიანებდა. ასევე ძალიან საინტერესო იყო Keynote სპიკერი, რომელიც კომპანია Viber-დან გვყავდა მოწვეული“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

BTU-ის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის თაკო ჯაფარიძის განცხადებით, უნივერსიტეტის ღონისძიებათა სერიის მიზანია, სტარტაპების დაფინანსებასთან და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცნობიერება აამაღლოს.

„სტარტაპებისთვის ფინანსების მოპოვება დღევანდელ სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ სტარტაპების წვდომა ფინანსებზე და ავამაღლოთ როგორც ცნობიერება ამ მიმართულებით, ასევე გავზარდოთ შესაძლებლობები. ჩვენს პანელზე მონაწილეობას იღებდნენ როგორც ინვესტორები, ასევე, სტარტაპების დამფუძნებლები, რომლებმაც გაგვიზიარეს გამოცდილება, თუ რა გზა გაიარეს იქამდე, სანამ მსხვილ ინვესტიციებს მოიძიებდნენ და დამწყებ ბიზნესებს ამასთან დაკავშირებით რჩევები გაუზიარეს“, - აღნიშნა თაკო ჯაფარიძემ.

Techworking Georgia-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყოველწლიურად უმასპინძლებს, რაც სტუდენტებს, დამსაქმებლებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან დაკავშირებისა და ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს.

(R)