ავტორი:

"გადავწყვიტეთ დავაარსოთ "მედიის თავისუფლების ფონდი", რომლის პირველი მისია იქნება "მთავარი არხის" შენარჩუნება" - გაბუნია

"გადავწყვიტეთ დავაარსოთ "მედიის თავისუფლების ფონდი", რომლის პირველი მისია იქნება "მთავარი არხის" შენარჩუნება" - გაბუნია

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხმა დაარსა „მედიის თავისუფლების ფონდი,“ სადაც თანხის პირველი შემომწირველი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალია.

როგორც გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ფონდის მიზანია „მთავარი არხის“ ფინანსური მხარდაჭერა და არხის შენარჩუნება.

"ცოტა ხნის წინ მოხდა ეს, ხელისუფლების ტროლებმა შიდა ჯგუფის წმინდა სამეურნეო მიმოწერა მოიპარეს და აჩვენეს ყველას, „აი, გვარამია, ხელფასებს ვერ ურიგებს“ და ა.შ. დაგვცინოდნენ, თუ როგორ გვიჭირს. ეს არც არასდროს ყოფილა საიდუმლო და არც არასდროს დაგვიმალავს, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლიდით თქვენთვის თავზე მოგვეხვია ჩვენი პრობლემები, მითუმეტეს, როდესაც ჩვენს გვერდით იდგა ნიკა გვარამია, რომელიც რაღაც მანქანებით, გამოსავალს ყოველთვის პოულობდა.

ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ვიღებთ 80 მილიონიან დაფინანსებას, არ ვფინანსდებით ივანიშვილის შავი სალაროდან. სამი წლის განმავლობაში, ყოველ დღე ვიბრძოდით გადარჩენისთვის და აქამდე ეს გამოგვდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თითს უქნევდა ბიზნესს, რომ არ გაებედათ და ფული არ მოეტანათ „მთავარ არხზე.“ ამის ფონზე, ჩნდებოდნენ და ჩნდებიან გამბედავი ბიზნესმენები, რომლებიც გვასპონსორებდნენ და ახლაც აგრძელებენ ამას. მათი გამბედაობის მთავარი სტიმული ნიკა გვარამია იყო თავისი ავტორიტეტით, ნდობით და იმ გავლენით, რომელიც საზოგადოებას მას აქვს საკნიდანაც კი, დაჭერილს.

თავად საზოგადოებიდან წამოვიდა ძალიან დიდი იმპულსი, რომ არხის გადარჩენაში მათ მონაწილეობა მიეღოთ. პირველი მკაფიო განაცხადი გააკეთა დავით დვალმა, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა. ნიკა გვარამიასთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობას“ მას ვერავინ დააბრალებს, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ნაბიჯით, რომ „რუსთავი 2“ არ იყო თავის დროზე მხოლოდ ბიზნეს პროექტი, არამედ მედიის თავისუფლება. ამ მხარდაჭერით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ დავაარსოთ „მედიის თავისუფლების ფონდი“, დათოს მხარდაჭერით, ამდენი ადამიანის მოთხოვნით. ითხოვდნენ ისინი, მიგვეცა საშუალება დაგვხმარებოდნენ. ამიტომ, ჩვენ დავაარსეთ ეს ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.