ავტორი:

"ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს" - რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO - ში მიღებას?

"ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს" - რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO - ში მიღებას?

ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში შეუერთდნენ. ამერიკელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ალიანსი შეძლებს, ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრების შესახებ, თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გაუმკლავდეს. ჩვენ ყველანი ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მათ ამ შეშფოთებას... ყველაფერი, რასაც ნატო აკეთებს, უნდა მიღწეული იყოს კონსენსუსის გზით, თქვენ უნდა გქონდეთ მოკავშირის 30 ხმა. ასე რომ, ჩვენ 73 - წლიანი გამოცდილება გვაქვს მოკავშირეთა უთანხმოებაზე მუშაობის ირგვლივ და აქედან გამომდინარე, მე პირადად საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს", - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

ნატოს გენმდივანი შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრების განაცხადებით ხელში

ჯერჯერობით სხაგავრად ფიქრობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

19 მაისს მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

"არ გვინდა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ დავუშვათ. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ პოლიტიკას ამ კუთხით. ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებაზე. გავაგრძელებთ სვლას ნატოში იგივე მიმართულებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, “შვედეთი ტერორიზმის ბუდეა”, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რითაც ჩვენი მეზობელი საკუთარ პოზიციას ამყარებს. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, შვედეთი და ფინეთი იმ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევიან, მათ შორის "ქურთისტანის მუშათა პარტიასა" (PKK) და ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს.

კიდევ რა განაპირობებს თურქეთის უარს? ამ თემაზე გვესაუბრება ჯიპა-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი გიორგი კობერიძე:

- ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს, თავისი ინტერესების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ფინეთსა და შვედეთს მწვანე შუქს აუნთებს. თურქეთისთვის პირველ რიგში ქურთების თემაა მნიშვნელოვანი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია ამ თემაზე წუხს, რადგანაც დიდი ხნის განმავლობაში შვედეთი და ფინეთი არა მხოლოდ იფარებდნენ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წარმომადგენლებს, რომელთაც თურქეთი ქვეყნის სტაბილურობის საფრთხედ აღიქვამს, არამედ მნიშვნელოვანია ის პრობლემაც, რომ ერდოღანის პოლიტიკური თუ სამხედრო ღონისძიებების კრიტიკა სწორედ სკანდინავიის ქვეყნებიდან მოდიოდა. აქედან გამომდინარე, ერდოღანი ფიქრობს, რომ ამ ორი ქვეყნის არა დასჯა, არამედ თურქული ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაყოლიება იქნება საუკეთესო გზა. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი, არ იქნება ამ ორი ქვეყნის NATO -ში გაწევრების წინააღმდეგი. არის კიდევ ერთი მიზეზი - თურქეთი ვაჭრობს ნატოსთანაც, სურს რა მიიღოს F35-ის (ბომბდამშენ გამანადგურებლების პროგრამა) პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, რა შემთხვევაშიც მიიღებს დამატებით ძლიერ ავიაგამანადგურებლებს, გაწვრთნის პილოტებს, საბოლოო ჯამში კი მისი საჰაერო უსაფრხოება გახდება უფრო ძლიერი.

გიორგი კობერიძე

- შეიძლება თუ არა რუსეთს ჰქონდეს თურქეთის პოზიციაზე გავლენა?

- თურქეთი ტაქტიკურ პოლიტიკას ირჩევს ქვეყნებთან ურთიერთობისას. უკან დასახევ გზას კი მუდამ იტოვებს. შესაძლებელია, რომ ნატოსთან მოლაპრაკების პარალელურად ელაპარაკებოდეს რუსეთსაც. რეალურად სადაც უკეთეს პირობას შესთვაზებენ, ამის მიხედვით გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი თავად რუსეთის მითითებას კი არ ემორჩილებოდეს, არამედ თურქული მოლაპარაკება იყოს იმგვარი, რომ ორივე მხარესთან ( NATO / რუსეთი ) ცდილობდეს საერთო ენის გამონახვას, ნატოსგან სასურველი შედეგის მისაღებად.

- რამდენად ღრმაა კონფლიქტი და რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ნატოსა და თურქეთს შორის კონფლიქტი დაახლოებით 15 წელიწადია "მწიფდება“. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა 2013 წელს, როდესაც ტაქსიმის მოედანზე მძიმე მოვლენები განვითარდა. მოგვიანებით 2016 წელს, როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, აშშ-მა უარი თქვა თურქეთისთვის ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემაზე, რამაც უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ასევე ქურთების გადაუჭრელი პრობლემა და ნატო-ს ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან ამასთან დაკავშირებული ორაზროვანი მოსაზრებები ქმნიდა კიდევ უფრო მეტ შუღლსა და დაპირისპირებას. საბოლოო წერტილი კი იყო ის, როდესაც თურქეთმა რუსული იარაღის შეძენა დაიწყო, რომელიც ნატოს პოლიტიკისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამჟამინდელი ვითარებით თურქეთი ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს ნატოსგან "დახმარება“ და თუ ეს არ გამოუვა მაშინ რუსეთისგან მიიღებს.

- რა მექანიზმით, შეიძლება ამ ვითარების დაძლევა?

- უკვე აღვნიშნე, რომ თუ თურქეთი მიიღებს იმას, რაც სურს, აუცილებლად დათანხმდება ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას, მაგრამ თუ მკაცრ ზომებს განვიხილავთ, მაშინ ეს შეიძლება იყოს დამატებითი სანქციები - იარაღის შეზღუდვის ან ნატოდან დროებით სტატუსის შეჩერების თაობაზე ულტიმატუმი, რაც ვფიქრობ, ვითარებას ვერ გააუმჯობესებს, უარესი კი შეიძლება მოხდეს და ამან თურქეთს მეტად უბიძგოს რუსეთისაკენ, რაც ისედაც რთულ სიტუაციას, კიდევ უფრო ხისტ და კომპლექსურს გახდის...

- ასეთი ვერსიაც კი გამოითქვა, - შეიძლება თურქეთი NATO -დან გარიცხონო, რაც ძალიან არარეალური ჩანს...

- შეიძლება მას დროებით შეუჩერდეს სტატუსი ან სამხედრო საბჭოდან გარიცხონ, თუმცა ეს იქნება ძალიან ნეგატიური და საშიში პრეცედენტი. ეს ის მექანიზმებია, რაც არანაკლებ საშიში და არასასურველი იქნება თავად ნატოს სტაბილურობისთვისაც.

ავტორი: კესო კვარაცხელია