ავტორი:

"4 წელი ვემზადებოდი.... გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა

"4 წელი ვემზადებოდი.... გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა

სოფელი ზენობანი ჩვენი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სოფელია. ამ სოფლის მკვიდრები მწერალმა თავის ნაწარმოებში პერსონაჟებად აქცია... მწერლის სახლ-მუზეუმიდან 100 მეტრში კი ცხოვრობს ლევან ჭანიშვილი, რომელიც 20 წლის შემდეგ საკუთარ ფუძეზე, თავის მიწაზე დაბრუნება და მეურნეობის წამოწყება გადაწყვიტა. ყოფილი სამხედროა, ერაყშიცაა ნამყოფი და 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე დღეებში წინა ხაზზე იბრძოდა. ახლა მეურნის ფუნქცია შეიძინა და რასაც დღეს ზენობანში აკეთებს, ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ლევან ჭანიშვილი:

- კი, მე იმ სოფლიდან ვარ, სადაც ნოდარ დუმბაძემ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ დაწერა. ამ პერსონაჟების ნაფეხურებზე დავდივარ. აქვე 100 მეტრშია მწერლის სახლმუზეუმი. მიყვარს ჩემი სოფელი და კუთხე. აქ ცხოვრობდა ჩემი წინაპარი - ბებია, ბაბუა. სად არ ვიყავი, რა საქმეზე არ მიმუშავია, მაგრამ, ზენობანი იყო ჩემი შთაგონება და ამან აქედან ბოლომდე წასვლის უფლება არ მომცა. ამ სიყვარულით დავბრუნდი და ჩემი გადაწყვეტილებაც ამან განაპირობა. წინაპრები ვახსენე, რომლებმაც დიდი ენერგია ჩადეს იმაში, რომ ჩემი სოფელი მყვარებოდა, ამიტომ, მათ ხსოვნასთან პირნათელი უნდა ვყოფილიყავი.

მიყვარს ფრინველი, ცხოველი, ნერგი, ბუნება, - კი, ეს ყველაფერი სოფლის სიყვარულია. ამიტომ ის წლები, რაც აქედან წასული ვიყავი, მინდა, ახლა ავინაზღაურო. საოჯახო მეურნეობა გავაძლიერე და სხვადასხვა მიმართულებით დავტვირთე. ამ სფეროში ძალები მოვსინჯე. ჯერჯერობით ამართლებს.

- როდის დაბრუნდით?

- მესამე წელია, აქ ვარ. ამაში საწყის ეტაპზე პანდემიამაც ხელი შემიწყო. ვხუმრობ ხოლმე - 20-20-29 თებერვალს ჩავჯექი მანქანაში და ზენობანში ჩამოვედი-მეთქი. ასე რომ, ჩემი და ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევით რაღაცებს თავი მოვუყარე.

- კი, მრავალმხრივი მეურნეობა გაქვთ. მოდი, საუბარი მეფრინველეობით დავიწყოთ...

- ამ კუთხით ჩემი დაინტერესება შემთხვევით გაჩნდა და ეს მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ აქ ჩამოვიდოდი... ერთ-ერთ რეკლამაში ვნახე, 100-ცალიანი ინკუბატორი იყიდებოდა. მაშინ ეს სიახლე იყო, რადგანაც აქ მასობრივად არ არსებობდა ასეთი ინკუბატორები, უმეტესად კუსტარულად აწყობდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი მშობლებისთვის, რომლებიც აქ იყვნენ, შემეძინა და მათთვის ჯაფა შემემსუბუქებინა. დედამაც ამ საქმეს კარგად აუღო ალღო. მერე ახალგამოჩეკილმა წიწილებმა ჩვენგან იმის ცოდნა მოითხოვა, ზრდასრულ ასაკამდე როგორ მიგვეყვანა.

დედას შესაბამისი ლიტერატურით, მცოდნე ადამიანების დახმარებით ვაწვდიდი ინფორმაციას. ამ ყველაფერმა რაღაცნაირად სწორ გზაზე დამაყენა, წიწილებისთვის სათანადო პატრონობა მარტივად შეგვძლებოდა. ეს იყო მათი კვება, თუ სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლა. ამასობაში გარკვეული ცოდნა მეც დამიგროვდა. ამას დაემთხვა ის, რომ ჩემი შინაგანი ძახილი სოფელში წამოსვლასთან დაკავშირებით უკვე მომწიფდა (4 წელი ვემზადებოდი, რადგანაც ოჯახი თბილისში რჩებოდა, მეუღლე მუშაობს, ბავშვები სწავლობენ. ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ, მე აქეთ, ამიტომ იყო ფსიქოტიური მომენტებიც). მოკლედ, ჩამოსვლის შემდეგ ამ ფრინველების საკითხში აქტიურად ჩავერთე.

- და რამდენი კაცი ხართ ოჯახიდან ამ საოჯახო მეურნეობაში გაერთიანებული?

- მშობლები და ძმები (სამი ძმა ვართ). ერთობლივად ვმუშაობთ. ისე გამოვიდა, რომ მე დამეკისრა საოჯახო მეურნეობის წინამძღოლობა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ უნდა ვყოფილიყავი ქართული პროდუქტის მწარმოებელი, ენდემურ ჯიშებსა და სახეობაზე ორიენტირებული. პროდუქტი უნდა ყოფილიყო ნატურალური და ჯანსაღი. როცა ცოდნა, გამოცდილება გაღრმავდა, 1000-იანი ინკუბატორი შევიძინე და მერე ჩვენი სოფლისთვის განსხვავებული და ინოვაციურიც უნდა ყოფილიყო, ამაზეც ვიფიქრე. თან, კომერციულიც და ადამიანებისთვის საინტერესო და მიმზიდველი. ასე შემოვიდა ხოხობი ჩვენს მეურნეობაში.

- მეურნეობის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, სხვადასხვა სეგმენტის შემოტანით დაიწყეთ... მეკვერცხულ-მეხორცული მიმართულება გაქვთ?

- კი, ორივე. აქ მთავარია, ქართულზე ვარ ორიენტირებული და ქართული პროდუქტითაც უნდა იყოს გაზრდილი. მოკლედ, ხოხბის შესახებაც ბევრ რამეს გავეცანი. რა ინფრასტრუქტურა, კვება, მოვლა სჭირდება, რომ გამრავლება შეძლოს... აქაც მაქვს წარმატება. იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ამასთან, ჩვენთან ახლოსაა ბახმარო, ნაბეღლავი, გომის მთა - ასეთ გარემოში ვცხოვრობთ და ესეც ხელს გვიწყობს...

მიზნად მაქვს, ხოხბის გამრავლება და მათი ბუნებაში გაშვება. ხოხობი ხომ წითელ წიგნშია შეტანილი და არ შეიძლება მისი ბუნებიდან გამოყვანა, თუ შეძენილი არ გაქვს და არ გასცემ მას... ახლა ჩემ მაგალითზე აქ სხვებმაც მომბაძეს.

- თურმე სირაქლემების მიმართულებითაც აპირებთ ფერმის გაფართოებას...

- მეფრინველეობაში სირაქლემების მოშენება ჩემთვის ყველაზე მაღალი წერტილია. ვიცი, რომ ასეთი ფერმა სამეგრელოში უკვე არსებობს. არიან „მეგრელი“ სირაქლემები და მინდა, „გურული“ სირაქლემებიც გაჩნდნენ...

- მევენახეობაშიც გადაგიდგამთ ნაბიჯები. გურული ჯიშის ყურძენი - ჩხავერი, საკმიელა და ოცხანური დაგირგავთ, ხომ?

- გურია მთიანი რეგიონია და მცირემიწიანი ტერიტორია. მიუხედავად ამისა, ჩემი ინტერესის სფეროში იყო ადგილობრივი ჯიშის ვაზის გაშენება. ამასთან, ნატურალური ყურძნის მოყვანა და ნატურალური ღვინის დაყენება. რომ ჩამოვედი, მალევე ჩავყარე გურული ჯიშის ყურძენი. გამოვიყენე მეცნიერის, ქიმიკოსის გახოკიძის პროდუქტი ბიორაგი იმისთვის, რომ მრავალწლიანი კულტურა მეწარმოებინა. კი, ვენახის დიდი ინტერესი მქონდა და ჩვენი გურული ჯიშები - ჩხავერი, ოცხანური, საკმიელა, მტევანდიდი, ჯანი - ბევრი ჯიში გვაქვს, რომ გვქონოდა. თითოეული ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამ ყველაფერში მონდომებით ჩავერთე. ნერგები ვიყიდე და 2500 კვადრატულ ფართობზე დავრგე. კიდევ უნდა დავამატო.

- საქონელი გყავთ?

- რა თქმა უნდა, ერთი ძროხა სულ გყავდა, თუმცა ჩვენი ოჯახი არც ისე პატარაა. გაჩნდა აუცილებლობა, რომ რძის ნატურალური პროდუქტი კიდევ უფრო მეტი გვქონოდა. თან, ვენახში ბალახს რომ მოვთიბავთ, ძროხების საკვებად იმასაც ვიყენებთ. მოკლედ, პირუტყვის რაოდენობაც გავზარდე. პროდუქტი ოჯახისთვისაც საკმარია და ვყიდით კიდეც.

- ფიზიკურად თვითონ აუდიხართ ამ ყველაფერს, ხომ?

- კი, რა თქმა უნდა. 7 წელი ჯარში გავატარე, ვეტერანის სტატუსი მაქვს. 2005 წლიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ვიყავი. სამშვიდობო მისიით ერაყში გახლდით, 2008-ში 6 აგვისტოდან ომის დამთავრებამდე იქ ვიყავი. მძიმე შეიარაღებაში და პირველ ხაზზე მიწევდა ბრძოლა, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის პირველ ბატალიონში. მეტყვიამფრქვევე ვარ, უფროსი სერჟანტი...

- მოკლედ, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ხართ. სხვებს რას ეტყოდით, რას ურჩევდით ამჯერად თქვენი სამეურნეო გამოცდილებიდან.

- ღმერთმა მოგვცა მიწა, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ. ჩვენ შრომით შეგვიძლია, რომ მიწას მოვეფეროთ. ის ყოველთვის იარსებებს, ამიტომ უნდა იყოს შთამომავლობა, რომელიც მას მოუვლის, უპატრონებს. ამ თაობამაც, ვინც ახლა ვართ, სანამ შეგვიძლია და შეგვეძლება, მიწას უნდა მივხედოთ. ეს იქნება ჩემი რჩევა, თხოვნაც და ყველაფერი. ჩვენი მიწიდან კი იმდენს მივიღებთ, რომ გაგვიკვირდეს კიდეც. თუმცა ამ საქმეში მთავრობის დახმარებაც საჭიროა, რომ წინსვლა იყოს. ეს ყველას საქმეა. მოდი, მოვეფეროთ ბუნებას, ჩვენც ხომ მისი ნაწილები ვართ.

კი, არის ეგ პრობლემა, ხალხი გაურბის ამ შრომას, არადა, სოფელში მიწასთან ურთიერთობა უპირატესია. აქ მეტად შეგიძლია განვითარდე... ჩემი გულისტკივილი ისაა, რომ სოფლები იცლება. ადრე გურიაში ჩაის კულტურა აქტიურად მისდევდნენ. მერე ყველაფერი განადგურდა, შეიცვალა. იქ სადაც ჩაის ბუჩქები იყო გაშენებული, იმ ადგილზე მოცვი ჩავანაცვლე. ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 100%-ით დაფინანსდა. მანამდე კი ჩემი ხარჯებით გაველურებული ტერიტორია ავითვისე, დავამუშავე, შემოვღობე, ფიზიკურად ვიშრომეთ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა. ჩართულები ვიყავით. დაგვიფასდა შრომა, პირველივე წელიწადს საქმე წინ წავიდა. ასე ნელ-ნელა, მივიწევ და ვტვირთავ ჩვენს საოჯახო მეურნეობას და ძალიან მომწონს, რომ ქართულ პროდუქტს ასე გულით ვაწარმოებთ.