ავტორი:

"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო" - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო" - სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა არის, რომელიც ბარლდებას ამტკიცებს, თუკი, ოდნავი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

ილია ჯიშკარიანის განცხადებით, ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა.

"მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.