ავტორი:

"ლუკა 4 წლის იყო, დედა ავარიით რომ დაეღუპა... მანამდე მას უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს 5 წლის ბიჭი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

"ლუკა 4 წლის იყო, დედა ავარიით რომ დაეღუპა... მანამდე მას უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს 5 წლის ბიჭი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

რამდენიმე დღის წინ, 5 წლის ლუკა ვერც კი იფიქრებდა, რომ მთელი საქართველო გაიცნობდა და შეიყვარებდა. ყველაფერი კი ლილოს ბაზრობიდან დაიწყო, როცა ბებიამ ლუკა ფეხსაცმელების საყიდლად წაიყვანა. პატარა ბიჭუნამ ბებიას ბურთის ყიდვა სთხოვა, მათი საუბარი კეთილმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაიგონა და ლუკას ბურთი თავად უყიდა, მისმა მეუღლემ კი ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. 5 წლის ბიჭუნას გულწრფელმა ემოციამ სოციალური ქსელი მოიცვა.

"ლილოში წავიყვანე ლუკა, ფეხსაცმლის საყიდლად. ბურთი რომ დაინახა ვიყიდოთო, მითხრა, ისედაც სულ მეუბნებოდა, ბურთი მიყიდეო. ჯერ ფეხსაცმელი ვიყიდოთ და შემდეგ ბურთი-თქო, ვუთხარი. ამ საუბარში ვიყავით რომ ახალგაზრდა წამოგვეწია. ბიძია, აქ გაჩერდი ამ წუთში მოგიტან ბურთსო. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. ლუკა ძალიან ბედნიერი იყო,“ - ამბობს ლუკას ბებია, იზოლდა ყიასაშვილი.

ლუკა 14 წლის დასთან და ბებიასთან ერთად ჯიქიას ქუჩაზე, ძველი ბიბლიოთეკის შენობაში ცხოვრობს. ბიჭუნა 4 წლის იყო, როცა დედა ავტოავარიით გარდაეცვალა, მამა უცხოეთში სამუშაოდ წავიდა და ჯერჯერობით ვერ მუშაობს და შვილებს ვერ ეხმარება. ობლად დარჩენილ ბავშვებზე ბებია ზრუნავს. მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი მხოლოდ ბებიის პენსია და სოციალური დახმარებაა.

"ჩემი შვილი გასული წლის, 31 ოქტომბერს ავტოავარიაში გარდაიცვალა. ლუკას და, მარიამიც მანქანაში იმყოფებოდა და თავზე 28 ნაკერი აქვს. მარიამის მდგომარეობაც მძიმე იყო. ჩემი შვილი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა" - ამბობს იზოლდა ყიასაშვილი.

ლუკას ბებიის თქმით, სანამ მისი შვილი ცოცხალი იყო შვილებს არაფერს აკლებდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მათ ოჯახში ყველაფერი შეიცვალა. მიუხედავად იმისა რომ ლუკა პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა, დღემდე ახსოვს და დღე არ გავა რომ არ გაიხსენოს.

"ამ ტრაგედიამდე ჩემს შვილიშვილებს უზრუნველი ცხოვრება ჰქონდათ, ჩემი ქალიშვილი შვილებს არაფერს აკლებდა, მაგრამ ახლა გაგვიჭირდა. ლუკა დედას სულ ახსენებს, ძალიან განიცდის, იცის, რომ დედა ზეციდან უყურებს“ - ამბობს AMBEBE GE- სთან საუბრისას ლუკას ბებია.

მას შემდეგ რაც ლუკას ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა ლუკა საჩუქრებს ყოველდღე იღებს, რის გამო ყველას დიდ მადლობა უხდის.

"ყველანი ძალიან მიყვარხართ, ვინც საჩუქრებს მჩუქნით. დიდი მადლობა, გკოცნით ყველას, ძალიან გახარებული ვარ“ - ამბობს 5 წლის ლუკა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებული ანგარიშის ნომერზე: GE32BG0000000243148000 - წიქორია გვანცა.

ნახეთ ვიდეო:

ავტორი: თიკო გურაშვილი