ავტორი:

რუსეთის ინფორმაციით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531-კაციანი ჯგუფი დანებდა - რას აცხადებს ზელენსკი: "მათ მიეცათ ბრძანება, თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ"

რუსეთის ინფორმაციით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531-კაციანი ჯგუფი დანებდა - რას აცხადებს ზელენსკი: "მათ მიეცათ ბრძანება, თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ"

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა "სრულიად გათავისუფლდა", ხოლო ბოლო უკრაინელი დამცველები ჩაბარდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აქვეყნებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531 - კაციანი ჯგუფი, დანებდა.

"მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან აზოვის ნაცისტური ფორმირების უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი იყო ბლოკადაში, მთლიანად გათავისუფლდა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იყვნენ, „დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი დღეს ჩაბარდა".

დეპარტამენტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აზოვის" მეთაური ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეციალური ჯავშანმანქანით მისი უსაფრთხოების მიზნით.

რუსული მედიის "ტელეგრამის" არხებმა ასევე გაავრცელეს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მისი ქვედანაყოფი ჩაბარდა.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ "აზოვსტალის" მებრძოლებს მიეცათ მკაფიო სიგნალი, რომ გამოსულიყვნენ და თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ.

"დღეს ბიჭებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი სამხედრო სარდლობისგან, რომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და თავიანთი სიცოცხლე გადაარჩინონ", - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინულ ტელეარხს.