ავტორი:

"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია..." - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია..." - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს", - ამის შესახებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის მოხდება ბრალის წარდგენა.

"ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას. შევხვდი მას [დაკავებულს] და ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს“, - განაცხადა სულხან კომახიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.