ავტორი:

"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა... დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის " - თამარ გვერდწითელი უკრაინაზე, სამშობლოზე და რუსეთში გადადებულ კონცერტებზე

"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა... დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის " - თამარ გვერდწითელი უკრაინაზე, სამშობლოზე და რუსეთში გადადებულ კონცერტებზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქართული საზოგადოების ყურადღება ისე, როგორც არასდროს, რუსეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მიიპყრეს.

განსაკუთრებით ომის დასაწყის დღეებში, ყველა ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ რამდენად სწორ პოზიციას დაიკავებდნენ ოკუპანტ ქვეყანაში მცხოვრები ცნობილი ქართველები, მათ შორის მუსიკოსები.

თამარ გვერდწითელი აღმოჩნდა ის მომღერალი, რომელმაც თავდაპირველად, რამდენიმე დღის განმავლობაში დუმილი არჩია, თუმცა მოგვიანებით, მიყოლებით გააუქმა ომამდე თვეებით ადრე დაგეგმილი კონცერტები.

6 მარტს კრემლის დარბაზში დაანონსებულ კონცერტზე გამომსვლელთა სიაში მოხვედრა კი, რასაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მომღერალმა იმით ახსნა, რომ აფიშა ომამდე იყო შედგენილი. გვერდწითელი კონცერტზე არ გამოსულა.

მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კონცერტები ექვსი თვით გადადო, თუმცა არ გაუუქმებია. მომღერალმა იმჟამად მედიასთან განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

რამდენიმე კვირის წინ, თამარ გვერდწითელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა საჯაროდ არსად გამოჩენილა.

გუშინ კი, გადაცემაში "ნოესთან" ქართველმა პრიმადონამ გულწრფელად ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც მის შესახებ ყველაზე მეტად აინტერესებთ, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. მომღერალმა სამშობლოზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"ადამიანს, რომელიც დაწერს სიმღერას "საქართველო", არ შეიძლება სხვა სამშობლო გააჩნდეს. შეიძლება ვცხოვრობდე 30 წელი რუსეთში, რომელსაც პატივს ვცემ, მიყვარს და ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ სამშობლოს ცნება, ყველაზე მაღლა მდგომი ცნებაა. ღმერთმა კიდევ დამაწერინოს გაბრწყინებულ საქართველოზე სიმღერა და ჩამატარებინოს კონცერტი, მშვიდობიან გზას მინდა დავადგეთ ყველა. შეიძლება ცხოვრობდე საფრანგეთში, ამერიკაში, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. ბედნიერი ვარ, რომ გამაჩნია დღეს ის ადგილი, ჩემი გულის ნაწილი, სადაც შემიძლია თამამად ჩამოვიდე, რაღაცები დამაბრალონ, ვაპატიო, არ დავივიწყო, მაგრამ გულში ყოველთვის ვრჩები ადამიანად, რომელსაც ერთადერთი სამშობლო აქვს და ეს საქართველოა." - თქვა გვერდწითელმა.

გადაცემის წამყვანმა ნოე სულაბერიძემ მას 6 მარტის გაუქმებულ კონცერტზეც ჰკითხა.

"აფიშა იყო შედგენილი ჯერ კიდევ დეკემბერში და მე არ გამოვსულვარ ამ კონცერტზე, რადგან დაიწყო ეს სპეცოპერაცია..."

ნოე მომღერალს ჩაეკითხა: "სპეცოპერაციას ეძახით?" - "არა ომს ვეძახი, რუსეთში ჰქვია ეს სახელი ", - უპასუხა მომღერალმა.

ქართველი პრიმადონას თქმით, მის ცხოვრებაში უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი რამ შეცვალა.

"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. ვცდილობ, ვიყო მართალი და სინდისიანი როგორც დედა, როგორც ქალი. როგორც დედა, მე მოვუწოდებ, რომ გაჩერდეს ომი. ეს ჩემგან მხოლოდ სიტყვები არ არის, ამით მე მილიონობით ქალის და დედის აზრის გამოხატვა შემიძლია. ღმერთმა იცის, ჩვენ გულში რა გვიდევს. სინდისის სიმართლის გზაზე რომ დგას ადამიანი, ის უფრო მშვიდად არის. მე ვიცი, რომ ვემსახურები მუსიკას, მაგრამ ვიმღერებ მხოლოდ იქ, სადაც ვიცი, რომ არ იქნება არანაირი მოწოდება. ყველა მომღერალმა უნდა იცოდეს, სად გამოდის, რას აკეთებს, ვის შემდეგ გამოდის და რას აკეთებს საერთოდ", - თქვა მომღერალმა.

მან საკუთარი დედის შესახებაც ილაპარაკა, რომელიც მისი თქმით, ოდესელია და ომს განსაკუთრებულად მძაფრად განიცდის.

"დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის... მთელი ჩემი წინაპრები, ოდესიდან არიან წარმოშობით. დედაჩემისთვის ყველა ქუჩა ძვირფასია. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი... ", - აღნიშნა თამარ გვერდწითელმა.