ავტორი:

"თურმე საჰაერო განგაშის ხმასაც ეჩვევი, კომენდანტის საათსაც და დაღუპული ადამიანების ყოველდღიურად დამარხვასაც..." - რას ჰყვება "პალიტრა მედიის" უკრაინელი თანამშრომელი?

"თურმე საჰაერო განგაშის ხმასაც ეჩვევი, კომენდანტის საათსაც და დაღუპული ადამიანების ყოველდღიურად დამარხვასაც..." -  რას ჰყვება "პალიტრა მედიის" უკრაინელი თანამშრომელი?

უკრაინელ იულია კირაკოსოვასთვის საქართველო და ქართველები უკვე ათი წელია, ახლობლებლად იქცნენ. როგორც ამბობს, გათხოვების შემდეგ ცხოვრება მზიან საქართველოში გააგრძელა, რომელიც მალე მის მეორე სამშობლოდ იქცა...

რა ხდება ახლა მის ქალაქში, როგორც ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები რუსი ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ? - ამის შესახებს ის AMBEBI.GE -ს ესაუბრა.

- ქალაქ ჟიტომირიდან ვარ. ეს უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე, ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი სახელწოდება ორი სიტყვიდან - "ჟიტო" (მარცვლეულის კულტურა) და "მირ" (მშვიდობა) შედგება. ეს არის მშვიდობის და შრომისმოყვარე ადამიანების ქალაქი, რომლებიც თავიანთი გეგმის მიხედვით ცხოვრობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რვაწლიანი ომის ფონზე, ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ. მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ომი ჩემს ქალაქშიც დაიწყო. მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება კოშმარულ სიზმრად გადაიქცა. მოსახლეობამ აფეთქების ხმაზე გაიღვიძა. ჩემი ტელეფონი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, გადახურდა ზარებისგან - ჩვენ გვბომბავენ, აეროპორტი იწვის, სამხედრო ნაწილს ესროლეს... როდესაც ჩემს ახლობლებს ვიდეოზარით ვესაუბრებოდით, მესმოდა, როგორ დასტრიალებდნენ თავს იქაურობას რუსული სამხედრო თვითმფრინავები. ისეთი განცდა მქონდა, რომ მათ უკანასკნელად ვხედავდი.

ჩემს ქალაქზე არაერთი ავიაიერიში მიიტანეს. დაზიანდა ქალაქის ორი საავადმყოფო, ქუჩები, სამოქალაქო ობიექტები. ჟიტომირშია ბაზირებული ლეგენდარული 95-ე სადესანტო თავდასხმის ბრიგადა, ქალაქში მდებარეობს ჯავშანსატანკო ქარხანა, სამხედრო ნაწილები. შესაბამისად, მას უყურადღებოდ არ დატოვებდნენ.

ავიაიერიშები ხორციელდებოდა, დილით თუ საღამოს... ადამიანები მუდმივად სიკვდილის შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. უამრავი ადამიანი ღამეს ბომბსაფრებში, სარდაფებში, დერეფნებში ათევდა. არ ვიცოდი, დილით რომ გავიღვიძებდი, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების ხმას გავიგონებდი, თუ - არა.

რუსულ არმიას ჟიტომირამდე მოსაღწევად ძალიან ცოტა მანძილი ჰქონდა დარჩენილი. ისინი ქალაქის მახლობლად ტრასაზე, იმ ადგილას გაჩერდნენ, რომელიც ჟიტომირსა და კიევს აერთიანებს და იქედან ესროდნენ. რუსული არმიის ჯარისკაცები ესროდნენ იმ მშვიდობიანი ადამიანების მანქანებს, ვინც ომის ჯოჯოხეთიდან სამშვიდობოს გაქცევას ცდილობდა.

- რა ხდება ახლა იქ?

- თურმე ადამიანს აქვს უნარი, ყველაფერს შეეგუოს, ახალ პირობებში ადაპტირდეს. რაც უნდა საშინლად ჟღერდეს, თურმე საჰაერო განგაშის ხმასაც ეჩვევი, კომენდანტის საათსაც და დაღუპული ადამიანების სამხედრო სასაფლაოზე ყოველდღიურად დამარხვასაც.

ახლა ჟიტომირელები საომარ პირობებში ცხოვრებას სწავლობენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ომის დაწყებისთანავე ქალაქი დატოვა, ბრუნდება. საცაა გაიხსნება საბავშვო ბაღები, ოღონდ მხოლოდ ისინი, რომელთაც ბომბსაფრები აქვს. სკოლები ჯერ ისევ ონლაინრეჟიმზეა. ჩვენი შვილები დღემდე საჰაერო განგაშის ხმაზე იძინებენ. უკრაინელმა დედებმა არ იციან, გათენდება თუ არა ახალი დღე და რას მოიტანს ის.

- თუმცა, უკრაინის გამარჯვების ყველას გვჯერა...

- ახლა ჩემი ოჯახი, მეგობრები, ახლობელი ადამიანები უკრაინაში არიან. მათ არ დატოვეს ქვეყანა და ქალაქი. ნაწილი უკრაინას ფრონტის ხაზზე იცავს, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, ნაწილი მოხალისეები არიან, ვიღაც კი, უბრალოდ ცდილობს, ახალ რეალობაში ცხოვრება ისწავლოს. ახლა ძნელია უსაფრთხოებაზე ილაპარაკო. სრულიად უსაფრთხოდ, იქ არავინაა, რადგან არ ვიცით, როდის და საიდან მოფრინდება მორიგი რაკეტა. ამიტომ, ყოველი დღე სიცოცხლისთვის ბრძოლაა.

თუმცა, უკრაინა ჩემთვის უკვე გამარჯვებულია. ჩემი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს და მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია მოიგერიეს. ჩემთვის ყოველი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინას ამ უთანასწორო ბრძოლაში იცავს, უპირობო გმირია და გამარჯვებული.

როგორც ვხედავთ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არავითარი წარმატება არ აქვთ, მათ ვერაფერს მიაღწიეს. სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ ნახა რუსი ჯარისკაცის მორალური სახე. უკრაინელები არასდროს დაივიწყებენ და მით უფრო, არასდროს აპატიებენ ბუჩას, ბოროდიანკას, ჰოსტომელის, მარიუპოლის დანაშაულებს... ეს ნებისმიერი უკრაინელის გულში ღია ჭრილობაა. ამ ბინძური ომის ფინალი როგორი იქნება, არავინ იცის, მაგრამ მე უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების მჯერა.

- ვიცი, რომ "პალიტრა მედიაში" მუშაობთ, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

- განათლება ჩემს მშობლიურ ქალაქში მივიღე, სადაც ვმუშაობდი კიდეც. საქართველოში ყოფნისას, უკრაინაში დისტანციურად ვმუშაობდი. ჩემი საქმე პოლიგრაფიული მასალების (ჟურნალი, კატალოგი, წიგნი და სხვა) მომზადება იყო. როდესაც ომი დაიწყო, ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობამ საგამომცემლო საქმიანობა შეაჩერა და თავიანთი რესურსების უკრაინული არმიისკენ მიმართეს. ასევე იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვისაც საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ...

შესაბამისად, მეც სამსახურის ძებნა საქართველოში მომიწია. ვეძებდი ყველგან, სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე, სოციალურ ქსელებში, ვგზავნიდი ჩემს რეზიუმეს... ერთხელაც "პალიტრა L'-ის მენეჯერი დამიკავშირდა, ვისაუბრეთ, შემდეგ კი, ჰოლდინგის HR -ის სამსახურმა მარიამ გიორგაძემ დამირეკა და თანამედროვე უკრაინელი პოეტების ლექსების კრებულის გარეკანზე მუშაობა შემომთავაზა. ეს ჩემთვის ძალზე მოულოდნელი იყო. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, იმის გამო, რომ საქართველოში უკრაინელი პოეტების მიმართ არის ინტერესი.

მოგვიანებით ისიც გავიგე, რომ ტირაჟის გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდებოდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ დგას საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით... მინდა, მადლიერება გამოვხატო, "პალიტრა L"-ის, ქართული ბიზნესის, ქართველ მოხალისეთა ბატალიონის, საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, რომლებიც ამ მძიმე დროში უკრაინელი ხალხის გვერდით არიან.

უკრაინული პოეზიის კრებულის შემდეგ, ჩვენ თანამშრომლობა გავაგრძელეთ. ახლა მე საგამომცემლო სახლის გუნდის წევრი ვარ, სადაც ძალიან მეგობრული და თბილი კოლექტივია. ვმუშაობ წიგნების გარეკანზე, ვამზადებ სარეკლამო პროდუქციას, მათ ვიზუალურ მხარეზე... ჩემი კოლეგები ყველაფერში მეხმარებიან, რისთვისაც ძალზე მადლიერი ვარ.