ავტორი:

"გაოცებული ვარ, კიევსა თუ სხვა ქალაქებში უკვე მშენებლობები იწყება - ომს აღარ უშინდებიან" - ქართველი რეჟისორის რთული გზა კიევამდე: რა მისიით ჩავიდა მიშა ჭიაურელი უკრაინაში?

"გაოცებული ვარ, კიევსა თუ სხვა ქალაქებში უკვე მშენებლობები იწყება - ომს აღარ უშინდებიან" - ქართველი რეჟისორის რთული გზა კიევამდე: რა მისიით ჩავიდა მიშა ჭიაურელი უკრაინაში?

ცნობილი რეჟისორი, 80 წელს მიღწეული მიხეილ ჭიაურელი უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გაემგზავრა. მან ურთულესი გზა გაიარა, სანამ კიევამდე ჩავიდოდა, მაგრამ უკრაინაში შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება სისრულეში მოეყვანა

რეჟისორი AMBEBI.GE-ს კიევიდან ესაუბრა:

- ჯერ კიდევ 14 წლის გახლდით, როდესაც ყველაზე ცხელ წერტილში აღმოვჩნდი. 1956 წლის, 9 მარტს სტალინის გამო ხალხი ჩემს თვალწინ ავტომატებით დახოცეს... იმის შემდეგ სულ მიტინგებზე დავძვრებოდი და ძალიან აქტიური გავხდი. ახლო ურთიერთობა მქონდა ეროვნულ მოძრაობასთან. 9 აპრილს რომ რუსთაველზე ტრაგედია მოხდა, ჯერ კიდევ სტუდენტი გოგა ხაინდრავა ჩემს გვერდით იყო, ერთად ვმუშაობდით და კადრებშიც ბევრგან ვჩანვარ, ნაცემი ქალები გამომყავდა... 9 აპრილზე ფილმი გადავიღე, სადაც ცნობილი რუსი ჟურნალისტი - იურა როსტი საუბრობდა. იგი ყველაფერს ობიექტურად გადმოსცემდა, ფოტოკამერა ჰქონდა, უნიკალური კადრები გადაიღო და თავად წარმოადგინა დოკუმენტური ფოტომასალა.

შემდეგ აფხაზეთის ომზე გადავიღე დოკუმენტური ფილმი "უბედურების ზონა", ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი... ფილმი აფხაზეთის ტრაგედიაზეა, სადაც ნაჩვენებია რუსეთის არმიისა და სეპარატისტების სიმხეცე. დევნილები რომ საკენი-ჭუბერის უღელტეხილის გადალახვას ცდილობდნენ, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ფილმი რომ რუსულ ენაზეა, რომლის მეშვეობითაც მსურდა მაყურებელს დაენახა და გაეგო, რაც საქართველოში ხდებოდა.

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინაში მალევე წახვედით?

- ძალიან მალე არ წავსულვარ... მინდოდა, მაგრამ მერეც ძლივს მოვახერხე. თბილისიდან ვარშავამდე ჩვეულებრივ ჩავედი, მაგრამ ვარშავიდან იმდენად რთული გზის გამოვლა მომიხდა, 17 საათი საშინელი ავტობუსით სულ სოფლების გავლით ვიარე. იმდენად გადავიღალე, მაღალი წნევა მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი იყო, როგორმე ჩამოვსულიყავი. ფაქტობრივად ცარიელ ქალაქში - კიევში ჩამოვედი. საღამოობით განგაში იყო, კომენდანტის საათი გამოცხადებული...უკრაინიდან ორ მაისს უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ გავიგე, რომ პუტინი მოსკოვში 9 მაისს სანამ აღლუმს მოაწყობდა, უკრაინაში პროვოკაციას ამზადებდა... მაინტერესებდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ამიტომ დავრჩი...

- როგორც ვიცი, უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებთ...

- დიახ, მეც ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩავუყარე საფუძველი... ჯერ კიდევ თბილისიდან გავიცანი უკრაინელი დეპუტატი, რაშიც უკრაინის საელჩო დამეხმარა. ეს დეპუტატი ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელია... მასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ დაახლოებით ათ ტელევიზიასთან ხელშეკრულება მექნება. ამ ტელევიზიებთან შევთანხმდით რომ, მათ წარმოებაში უნივერსიტეტების სტუდენტებმა გადაიღონ საკურსო, სადიპლომო და სადებიუტო ფილმები... უნივერსიტეტის რექტორს თავად შევხვდი, პროექტი შევთავაზე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რექტორთან მოლაპარაკების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ სტუდენტების დაახლოებით 30 ფილმს ტელევიზია მიიღებს, სტუდენტები ძალიან დიდ პრაქტიკას გაივლიან.

უნივერსიტეტში ამ გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად გამაფორმეს. ყველაზე მეტად ის მოეწონათ, რომ პროექტი სრულიად უსასყიდლოა. მე მათ ჩემი გამოცდილებით ვეხმარები, ტელევიზიები უზრუნველყოფენ, ბავშვებმა ფილმები გადაიღონ... წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი რამეა სტუდენტებისთვის, მათი ფილმები რომ ეთერში გავა... ახალგაზრდული ფესტივალებისთვის ეს უკვე პროდუქციაა. ბევრ დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ. ჯერჯერობით საუბარი დოკუმენტურ ფილმებზეა. რადგან ომია, ახლა მხატვრული ფილმისთვის რთული პერიოდია... უკრაინაში ჩემს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, რადგან კარგად იცნობენ ბაბუას, დიდ - მიშა ჭიაურელს, ვერიკო ანჯაფარიძეს, სოფიკოს, კოტეს და სხვათა შორის, მეც, რადგან ადრე კიევში ერთ-ერთ ფესტივალზე მთავარი პრიზი მოვიგე...

მიშა ჭიაურელი კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის საექსპოზიციო დარბაზში

- უკრაინაში ომის სირთულე პირადად თქვენ შეგეხოთ?

- ომის სირთულე პირადად არ შემხებია... მე იმდენად არანორმალური ვარ, რომ მითხრან, ომის წინა ხაზზეც წავალ, მაგრამ რასაც დღეს ვაკეთებ, ეს ომში ბრძოლაზე მეტია! ეს უფრო დიდი იარაღია რუსების აგრესიის წინააღმდეგ. ახლა 30 სტუდენტია მსურველი და მერე ბევრად მეტი იქნება..

უკრაინაში კარგად იციან ჩვენი ხალხის მხარდაჭერის შესახებ და ძალიან ვუყვარვართ... უკრაინელები ისეთი მამაცი ხალხია, ომს არ უშინდებიან... კიევში ყვავილებს რგავენ, ირგვლივ ყველაფერს ალამაზებენ, კაფეები გაიხსნა, საოცრად ლამაზი ქალაქია... კიევს ვეღარ დაბომბავენ, რადგან უკრაინელებმა მძიმე შეიარაღება უკვე მიიღეს! უკრაინაში გამაცნეს უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტი - დიმიტრო კომაროვი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა... როგორც კი ჩამოვა, მე მას შემახვედრებენ, მასზე ფილმს გადავიღებ, სადაც ყველაფერი იქნება ნათქვამი!

მიშა ჭიაურელი უკრაინელ მოხალისეებთან ერთად

- როგორც ვიცი, ბუჩაში იმყოფებოდით... მსოფლიო შეძრა ბუჩას უმძიმესმა კადრებმა და თქვენ როგორი ვითარება დაგხვდათ?

- ბუჩაში მანქანით წავედით, რადგან კიევთან ძალიან ახლოა... გზაზე ძალიან ბევრი ბლოკპოსტი იყო, გასაგებიც იყო ისე მკაცრად რომ ამოწმებდნენ. მოხალისეებიც აქტიურად მუშაობენ, დივერსანტებმა რომ ვერ შეაღწიონ დასახლებულ პუნქტებში... ბუჩაში იქაური ვიცე-მერი, ქალბატონი ირინა გავიცანით, მერი იმ დროს იქ არ იმყოფებოდა. პირველად სასაფლაოზე გავედით, სადაც 117 ადამიანია დასაფლავებული. იმ ავბედით დღეს ხომ 117 ადამიანი მოკლეს... ირგვლივ შენობები დანგრეულია, მაგრამ ცენტრში მერია დგას, იქვე პატარა სკვერი აყვავებულია, შადრევანიც მოქმედებდა, ყვავილები დაურგავთ, ქუჩები დასუფთავებულ-დაწკრიალებულია...

მიშა ჭიაურელი ბუჩას ვიცე-მერთან ერთად

სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ, ხალხი იყო შეკრებილი. მათ ამდენი ჯოჯოხეთი გამოიარეს, მაგრამ ქართული დროშა რომ დაინახეს, მოდიოდნენ და ამბობდნენ, საქართველო ძალიან გვიყვარსო, უზარმაზარ სითბოს, მადლიერებას გამოხატავდნენ...

- ახსენეთ, რომ უკრაინაში ომის პარალელურად აღმშენებლობა მაინც იგრძნობა..

- დიახ, გაოცებული ვარ... კიევსა თუ სხვა ქალაქებში მშენებლობები იწყება, ერთი წუთით არ ჩერდებიან. ასეთი შრომისმოყვარე და მებრძოლია აქ - ქალი, კაცი, ბავშვი... საოცარი შემართებით არიან, არაფრის არ ეშინიათ. ეს არის უკრაინული სული და ამიტომაც, უკრაინას გაუმარჯოს!