ავტორი:

"პანიკის საფუძველი არ არის... ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს" - ამირან გამყრელიძე

"პანიკის საფუძველი არ არის... ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ამირან გამყრელიძე "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობა გაძლიერდება.

ამასთან, გამყრელიძე დასძენს, რომ ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით ვრცელდება, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებისას. ინფექციას საწყის ეტაპზე ცხელება და გამონაყარი ახასიათებს.

"მაიმუნის ყვავილი" ახალი ვირუსი არ გახლავთ, 1970 წელს არის აღმოჩენილი და ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ინფექცია აფრიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს და ის ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდებოდა. მისი დიდი ეპიდაფეთქებები აღწერილი არ გახლავთ. ის უფრო მსუბუქი მიმდინარეობის არის, ვიდრე ნატურალური ყვავილი. დღეისთვის არსებობს "მაიმუნის ყვავილის“ ორი ფორმა, კერძოდ, დასავლეთ აფრიკის და ცენტრალური აფრიკის, ე.წ. კონგოს აუზის. ყველაზე რთულია ე.წ. კონგოს აუზის, რომლის ლეტალობა 5-6%-მდე მერყეობს. დასავლეთ აფრიკის კი შედარებით მსუბუქია. "მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით.

ინფექცია ძირითადად კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში. ახლა გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც. 100-მდე შემთხვევაა აღწერილი, სიკვდილი კი არ არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი ესპანეთსა და პორტუგალიაშია გამოვლენილი. ინფექცია გადადის როგორც წვეთოვანი, ისე სქესობრივი გზით, დაბინძურებული საგნების შეხებით, ამიტომ არის რეკომენდებული ამ მიმართულებით რიგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა. 1980 წლებამდე დაბადებულებს, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი "მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება. ინფექციის პირველი ნიშანი არის ცხელება და გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია სხვა დაავადებებისგან იდენტიფიცირება. ე.წ. მოგზაურობის შეზღუდვაზე განგაშის საფუძველი არსად არის. ჩვენ მივყვებით ჯანმოს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებს. განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

იხილეთ ასევე: