ავტორი:

"ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია" - რომან გოცირიძე საფეხბურთო ნაკრების ახალ ლოგოზე, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული

"ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია" - რომან გოცირიძე საფეხბურთო ნაკრების ახალ ლოგოზე, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი ლოგო აქვს და მასზე გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგია გამოსახული. სოციალურ ქსელებში ახალი ლოგო განხილვის თემად იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლოგოზე წმინდა გიორგი არ უნდა იყოს, ზოგიც ამ საკითხს იუმორით უყურებს. იმ ადამაინებს შორის, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს, არის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძეც.

გოცირიძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმაზე გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი გამოსახეს.

წმინდა გიორგი ბოროტებასთან მებრძოლი რაინდია. ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით( ბურთით) კლავს ბოროტ მტერს(მოწინააღმდეგე გუნდს). ამ მაისურმორგებული ფეხბურთელი, სულაც რომ არ იყოს ნავარჯიშები, მოწინააღმდეგეს მაინც სძლევს.

ცხვრებს რომ კლავდნენ ეკლესიაში თამაშის წინ, ეს დრო გვახსოვს. მაშინ არ ისმინა ღმერთმა მათი ლოცვა. იქნებ ახლა წმინდა გიორგის მაისურმა უშველოს.

ისე, ამ ლოგოთი რომ ვერ მოიგებ თამაშს, ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი, ანაც სულაც გაბრაზებული შეიძლება იყოს ამ მკრეხელობით.

შტატიანი მღვდელიც რომ აიყვანოს ფეხბურთის ფედერაციამ, არ იქნება ურიგო. ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარი ერიცხებათ ბიუჯეტიდან და ერთი მღვდლის შენახვა რა გახდა.

ექსტრასენსები, ასტროლოგები და ჯადოს ოსტატები არ გაგვაგონოთ. ესენი ნაცადნი გვყვანან უკვე.

ჰო, სტადიონის წინ, ისევე როგორც პარლამენტთან, ჯვრის დამონტაჟება არ დაავიწყდეთ.

საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ მოახლოებულ თამაშებში ლოგოთი თუ ლოგოს გარეშე. ატრიბუტიკაში ისინი არ ერევიან. ეს საფეხბურთო ჩინოვნიკების საქმეა", - წერს პოლიტიკოსი.