ავტორი:

"შვილმა თავიდან ბოლომდე უყურა ფაქტს... გადაეფარა დედას, რა დროსაც შოკი დაემართა და გული წაუვიდა" - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი

"შვილმა თავიდან ბოლომდე უყურა ფაქტს... გადაეფარა დედას, რა დროსაც შოკი დაემართა და გული წაუვიდა" - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი

ბავშვის ჩვენება უმძიმესია - ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს, ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული, - ამის შესახებ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის, თამარ ჭეიშვილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ მას მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა.

"თამარ ჭეიშვილი რჩება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი გამოკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ სასამართლოსთვის იქნა მიმართული, რათა გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან ამ საქმეში იკვეთება ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა მაშინ, როდესაც სასამართლომ წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა 3000-ლარიანი გირაო, რაც არ იქნა შემაკავებელი ამ ბრალდებულისთვის და ასევე, არ იქნა ელექტრონული სამაჯური, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფდა ბრალდებულის შეკავებას.

თამარი სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე იყო ძალადობის მსხვერპლი. ისინი იყვნენ განქორწინებული. მან მიმართა არაერთ სამართალდამცავ ორგანოს ძალადობის შესახებ, ეს საქმე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თამარი არის შშმ პირი და ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემები, რაც განაპირობებს იმას, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია როგორც თამარი, ასევე ბავშვი. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ ბავშვი ცნობილი იქნეს დაზარალებულად, ვინაიდან ბავშვის ჩვენება არის უმძიმესი. ის დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა და მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები ძალიან მკაცრად არის გამოხატული და ის არის მძიმედ. ბავშვი არის 11 წლის. როდესაც მოხდა ფაქტი, ბავშვი და დედა იყვნენ ერთად და მიდიოდნენ სკოლაში, რა დროსაც ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს. ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული.

საქმის გარემოებებით ირკვევა შემდეგი, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან მეზობლები. შესაბამისად, ბრალდებულს არ გაუჭირდებოდა არც თვალთვალი და არც გაკონტროლება, ძირითადად ბრალდებულის ქმედება განპირობებული იყო გენდერული როლებით და წყენით, რომელიც მას წარსულში ჰქონდა. ის აღიარებს და აბსოლუტურად ყველაფერს ადასტურებს, რომ მან მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.