ავტორი:

"ვფიქრობთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ივნისის ბოლოს მიიღებს, ეს უალტერნატივოა" - ირაკლი კობახიძე

"ვფიქრობთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ივნისის ბოლოს მიიღებს, ეს  უალტერნატივოა" - ირაკლი კობახიძე

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო. ვფიქრობთ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს, -ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცალკეული პოლიტიკოსები ამ საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევიან.

"საზოგადოებამ იცის, რომ კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის კონკრეტული გზავნილები, რაც ბუნებრივია, მათი აგიტაციისა და პროპაგანდის შედეგია. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის დროს, ვიდრე ჩვენ ამ სტატუსს მივიღებდით. სამწუხაროდ, ახლაც იგივე მეორდება. დარწმუნებული ვარ, ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებს. მათი მოლოდინი განსხვავებულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი საკუთარ პოლიტიკურ შანსს ხედავენ ამ ყველაფერში, მათ არ აინტერესებთ ქვეყნის არც ევროპული და არც ზოგადად, მომავალი. აინტერესებთ ერთადერთ: არეულობა, გადატრიალება, ომი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი. ჩვენთვის გასაკვირი არ იქნება ის, რომ მათ აინტერესებდეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, პარლამენტში დაგეგმილი დღევანდელი დებატებისას სწორედ ამ საკითხებზე სურს უმრავლესობას ოპოზიციისგან პასუხების მოსმენა.

"ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ დებატების მიმართ. გვინდა მოვისმინოთ არგუმენტები, ფაქტები ყველაფერთან დაკავშირებით. თუ ოპოზიციას მიაჩნია,რომ ქართული სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გვინდა მათი მოსაზრება მოვისმინოთ. თუ მიაჩნიათ, რომ არ იმსახურებს, ამაზე გვინდა მათი მოსაზრებები მოვისმინოთ. მნიშვნელოვანია მათგან პოზიციის დაფიქსირება, თუ რას ფიქრობენ. რა იქნება სამართლიანი ევროკავშირის მხრიდან, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია მათი არგუმენტების მოსმენა. ჩვენი მხრიდან შესაბამისი კითხვებიც დაისმება, ჩვენი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. არა მარტო გვწამს, არამედ ეს არის ფაქტები, რომელსაც ადასტურებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო. ვფიქრობთ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს“,-განაცხადა კობახიძემ.