ავტორი:

"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს" - მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?

"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს" - მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?

"ეს არ არის პროგრესული თურქეთის, ათათურქის გზა, რომელიც კეთილდღეობას მოგვიტანს!.." - ასე ეხმაურებიან თურქეთში, ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალის, ჯანან ქაფთანჯიოღლუს დაკავებას. გავლენიანი პოლიტიკოსისთვის 5 წლამდე პატიმრობის შეფარდებას თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა ქაფთანჯიოღლუს გამოუცხადეს.

ჯანან ქაფთანჯიოღლუ

ადგილობრივი მოსამართლეების გადაწყვეტილებით, 50 წლის ქალს, პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და თურქეთის სახელმწიფოს საჯაროდ დამცირების შესაბამისად, 4 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიესაჯა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან, ასევე, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან დაკავშირებით, 2012-2017 წლებში, სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით ავრცელებდა.

ადგილობრივების თქმით, მიმდინარე მასშტაბური აქციის ორგანიზატორია თურქულ პოლიტიკურ ველზე დიდი სტაჟის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია "სახალხო რესპუბლიკური პარტია", რომელიც ცნობილია, როგორც ლიბერალურ, პრო-ევროპული კურსის მატარებელი. ქაფთანჯიოღლუ ერთ-ერთი გავლენიანი ოპოზიციონერის ექრემ იმამოღლუს გუნდის წევრია.

dw.com-ის ცნობით, სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ერდოღანის მთავარი საყრდენს, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კანდიდატს ბინალი ილდირიმს რეალური ოპონირებას სწორედ იმამოღლუ უწევდა. არჩევნებში, სტამბოლის მერად სწორედ ის აირჩიეს, რაც ქვეყნის ლიდერისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

  • ქაფთანჯიოღლუ მხარს უჭერს იმამოღლუს და ითვლება მის "მარჯვენა ხელად". ის საკმაოდ ძლიერი და გონიერი პოლიტიკოსის ავტორიტეტით სარგებლობს.

ადგილობრივი ბლოგერები წერენ, რომ ერდოღანი გააფთრებით ებრძვის ოპოზიციას, ოპოზიციურ მედიას, განსხვავებულ აზრს; კონტროლდება სოციალური ქსელები.

"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს და ეს მოსახლეობის ნაწილს ძალიან აწუხებს. თუმცა, პროტესტის გამოხატვა, ნიშნავს, რომ ადამიანი პოტენციურ პატიმრობაზე მიდის... ჩემი მეუღლე ფოტოგრაფია, მას არაერთხელ მოუწია სამართალდამცველებთან დაკითხვაზე მისვლა, პოლიციას აინტერესებდა, რა თემატიკაზე მუშაობდა, ვისთან თანამშრომლობდა, რა შინაარსის ფოტოებს აწვდიდა უცხოურ გამოცემებს... თავისუფალ მოქმედებას ან პირდაპირ გიკრძალავენ, ან განიშნებენ, რომ კონტროლის ქვეშ ხარ. უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია შეზღუდვების გამო გავიდა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ერდოღანის პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული გეგმები, მიღებული ზომები ეკონომიკას არათუ აჯანსაღებს, პირიქით, დიდ ზიანს აყენებს. ამიტომაც, ეკონომიკაში უკვე გაჩნდა პრობლემები, რაც ბოლო დღეებში ლირას კატასტროფული ვარდნაში აისახება..." - გვეუბნება თურქეთში მცხოვრები ქართველი ნინა სოქთოღლი.

კიდევ ერთი ქართველის თქმით, თურქეთში ეკონომიკური კუთხით მდგომარეობა უკან მიდის - ფასები მატულობს, ლირა კი კატასტროფულად უფასურდება. მისი განცხადებით, ლირას კურსის გაუფასურება კრიტიკულად აისახება იქ დასაქმებული ქართველების ჯიბეებზე, რადგან უწევთ გაძვირებული დოლარი იყიდონ და ისე გააკეთონ გზავნილი.

"ჩვენს უკან, უმეტესად ოჯახები დგანან, სტუდენტი ან აბიტურიენტი შვილები, ავადმყოფი შვილები, ბანკის ვალი, იპოთეკა. ჩვენი ხელფასი არ გაზრდილა, ლირა გაუფასურდა, რომლითაც დოლარს ვყიდულობთ და საქართველოში ვგზავნით. ზოგჯერ მეორე თვემდე კაპიკი არ მრჩება და მიწევს ვისესხო. არც თავისუფალი დრო მაქვს, რომ დამატებითი შემოსავალი მქონდეს. ამიტომაც, უამრავი ქართველი წავიდა იტალიასა და საბერძნეთში. ჭკვიანურია, მაგრამ სტაბილურ სამსახურს იქაც ყველა ვერ შოულობს, ამ ქვეყნებს უკრაინიდან ლტოლვილები მიაწყდნენ" - ამბობს იზა ჩხეტია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. მაისის მდგომარეობით აშშ დოლარის ღირებულება 16.2 ლირას აღწევს, რაც გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებულ რეკორდზე მხოლოდ 0.5 პუნქტით ნაკლებია.