ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები - ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი ნამდვილად უსუფაშვილია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერი პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომის თემასთან დაკავშირებით, უსუფაშვილისგან საზოგადოებამ მორიგი აღიარება მოისმინა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან.“
"დავით უსუფაშვილმა ტელევიზიებზე ისაუბრა. მან შედარებები გააკეთა და „რუსთავი 2“ გაიხსენა, როდესაც 2012 წელს არ იწვევდა ოპოზიციას და შეადარა დღევანდელ “იმედს.“ ხოლო, „პოსტ ტვ“ შეადარა „რეალ ტვ“-ს. მინდა ერთი რამ ვუთხრა უსუფაშვილს, მაშინდელი „რუსთავი 2“ და მაშინდელი „რეალ ტვ“ და „ტვ პირველი“ არის სწორედ თქვენი მთავარი ფორმულა. ზუსტად ამის გადმონაშთია თქვენი სამი ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს სიცრუეს და სიძულვილს. როდესაც უსუფაშვილი დღევანდელ „იმედს“ მაშინდელ „რუსთავი 2“-ს ადარებს, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი სირცხვილია.
ამასთან, მორიგი აღიარება მოვისმინეთ უსუფაშვილისგან ომის თემასთან დაკავშირებით. „ომის პარტიას“ გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია მივიღოთო. ეს არის აღიარებითი ჩვენება. ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამ ხალხს ამოძრავებს და ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. შანსები გაგვიჩნდაო, ამის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა. ძალიან მარტივია, თუ რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი. ბატონ დავითზე დიდხანს არ ღირს საუბარი, თან დღეს არ არის, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი ნამდვილად არის დავით უსუფაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.