ავტორი:

"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე

"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე

ბოლო პერიოდში, საქართველოში, ფემიციდის რამდენიმე ფაქტი ზედიზედ მოხდა. ყველა შემხვევაში მოძლადე იყო ქმარი ან ყოფილი პარტნიორი.

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ყოველთვის ცდილობს, სერიალში შეიტანოს ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალური და პრობლემურია, რასაც, როგორც წესი, სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. რამდენიმე დღის წინ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სერიაში ქალზე ძალადობის პრობლემა იყო ნაჩვენები. კერძოდ, როგორ იძალადა ფიზიკურად ეჭვიანობის ნიადაგზე სერიალის გმირმა სოსომ მის პარტნიორ კატოზე. ამ ეპიზოდმა მაყურებელში განსხვავებული აღქმები შექმნა. ზოგმა ეს ძალადობის წახალისებად მიიჩნია, ზოგმაც კი ჩათვალა, რომ ამით ავტორს უნდოდა პრობლემის სიმწვავე წარმოეჩინა და მაყურებლისთვის სწორი დასკვნები შეეთავაზებინა.

თავად სცენარის ავტორმა "ფორმულასთან" ამ კონკრეტულ სერიაზეც ილაპარაკა და ზოგადად ფემიციდის პრობლემა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილა.

"ჩემი სერიალის გაზიარებისას, წავაწყდი ასეთ კომენტარს: აი, ამ სერიალის გამო, ამას რომ უყურებენ, ხოცავენ ერთმანეთსო. ესეც თითის არასწორად გაშვერის პრობლემაა. იმიტომ კი არ ხოცავენ ერთმანეთს, რომ ეს სერიალშია, იმიტომ არის სერიალში, რომ ეს პრობლემა არსებობს. მქონდა ნაჩვენები ფსიქოლოგიური ძალადობა როგორ გადადის ფიზიკურში და როგორ ხდებიან მანიპულაციის მსხვერპლი ქალები. მე მინდოდა ამ სერიით მეჩვენებინა, რომ ზოგჯერ მოძლადეს არ ეტყობა, რომ არის მოძალადე, თუმცა მინიშნებები იყო, საერთო ექაუნთი გავაკეთოთ, უჩემოდ ნუ ერთობი და ა.შ. პირადი სივრცე ეზღუდებოდა. ქალს როცა ძალიან უყვარხარ, ის თვითონ შემოგთავაზებს საერთო ექაუნთი იქნება, თუ სხვა რამ. კაცის მოვალეობა ქალს თავი ისე შეაყვაროს, რომ არ მოუნდეს არსად გახედვა." - აღნიშნა სცენარისტმა.

ქეთი დევდარიანმა ფემიციდზე საუბრისას, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ხშირად ისმის ზედაპირული შეკითხვა, რატომ არ მიდიან ეს ქალები სახლიდან. დავიწყებ იქედან, რომ უმეტესობა წასულია და სწორედ ამის გამო ისჯებიან. საქართველო ისჯება ქალების ემანსიპაციის ფაზაში, დამოუკიდებლობის მოპოვების გამო ქალები ისჯებიან იმ კაცებიგან, რომლებსაც რეალიზების პრობლემა აქვთ. ამ კაცებსაც შემიძლია შევხედო თანაგრძნობით, ცალკე რუსეთით აშინებენ, ცალკე ომით, ცალკე დაჭერით, ცალკე სუსით. ეს არის არარეალიზებული, დასტრესილი ადამიანები, რომლებიც დედებმაც ისე გაზარდეს და საზოგადოებაც ისე უბიძგებს, რომ კაცი ცოლის პატიოსნებაზე გაშორების მერეც პასუხს აგებს. შეიძლება ამ კაცს საერთოდ ფეხებზე ეკიდოს მისი ცოლი, მაგრამ საზოგადოება აძალებს, რომ რეაქცია უნდა ჰქონდეს თუ იმ ქალს ახალი რომანი აქვს. ეს მსხვერპლი ქალები, სულ ელოდებიან, ამას ვერ იკადრებს, ამას ვერ გაბედავს, აი, დამპირდა, გამოსწორდება, არ არსებობს. მოძალადეს უნდა გაეცალო დროულად.

მარკესის მოთხრობა მინდა გავახსენო საზოგადოებას - "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა", სადაც ძმებ პედროს და პაბლოს საზოგადოება ავალდებულებს, რომ მოკლას დის შემცდენელი სანტიაგო ნასარი. ზოგჯერ საზოგადოება აიძულებს მოძალადეს, რომ ჩაიდინოს დანაშაული. რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის დაზიანებული ფსიქიკის, არასწორი გაზრდის შედეგი. ქალებს მინდა ვუთხრა, არ გაყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს. ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით, რადგან ეს კომპლექსები ქმნიან პრობლემას. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ქალები ძალიან ნიჭიერები, ჭკვიანები, დამოუკიდებლები არიან. 19 მოკლული ქალიდან 17 იყო გაშორებული. ამიტომ ეს ზედაპირული კეკელკური გამოთქმა, რომ გაშორდეს და რაც უნდა ის ქნას... ზოგიერთი კაცი ვერ იტანს, რომ ქალი რეალიზდება, არის თვითკმარი. ქალებმა იცოდნენ საკუთარი თავის ფასი და რაც არ უნდა დიდი სიყვარული იყოს, დიდი ვნებები, დიდი სადომაზოხიზმი, მაინც სისცოცხლის საფრთხის წინაშე დგახარ, როცა კაცი თვლის, რომ შენ მასზე მეტი ხარ, აპირებ გაქცევას, გინდა გათავისუფლება და სრულფასოვანი ცხოვრება", - თქვა ქეთი დევდარიანმა.

ასევე იხილეთ: