ავტორი:

"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერის სიტყვა 26 მაისის ღონისძიებაზე

"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერის სიტყვა 26 მაისის ღონისძიებაზე

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა.

  • "ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებთანაც კი სრულ შესაბამისობაში იყო.

1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა.

დამოუკიდებლობა, ძვირფასო მეგობრებო, ასეთი მომავლის შენების აუცილებელი და ფუნდამენტური პირობაა" , - განაცხადა პრემიერმა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე,- აღნიშნა ღარიბაშვილმა,

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლით ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც მნიშვნელოვანი, ხელშესახები მონაპოვარია.

"მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას.

დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.

  • დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესები.

"ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა - ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა. ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას. ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

"წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით - 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად - გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: