ავტორი:

"გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ" - რა მიმართვას უგზავნის პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს?

"გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ" - რა მიმართვას უგზავნის პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს?

მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია - რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს.

"ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს.

ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ძალა არის ერთობაში, თავად კი, მზად არის იყოს ყველას ხმა და ერის გზავნილი მიიტანოს იქ, სადაც დღეს, საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს.

"დღეს 26 მაისს ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!

მინდა წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციიდან: „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად, რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“.

ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით.

მე ამიტომ მზად ვარ ვიყო თქვენი, ყველასი ხმა და ეს ერის გზავნილი მივიტანო იქ, სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს! რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი "ევროპელები ვართ“! რამეთუ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება... ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა.... და ასე მესმის დღეს თქვენს მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: „ვემსახურები საქართველოს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.