ავტორი:

ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის გაცოცხლებული მელოდია - "ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას"

ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის გაცოცხლებული მელოდია - "ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას"

მწერალი მიხო მოსულიშვილი "ფეისბუქში" ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც გაცოცხლებულია ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის მელოდია.

"ვაჟა-ფშაველას ზეციური საათი"

"1884 წელს ეკონომიური სივიწროვის გამო ვაჟა-ფშაველა იძულებული ხდება პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანებოს, სტუდენტური "კასიდან“ ორმოცდაათი მანეთი ისესხოს და იმ ფულით დაბრუნდეს ჩარგალში. თან ჩამოიტანს მომღერალ საათს, რომელიც ფანჯარაში უდგას მერე და როგორც კი სამუშაოდ წავა, ბავშვები შეიპარებიან ხოლმე იმის ოთახში, გახსნიან საათს და ისიც მუსიკას რომ დაუკრავს, ზოგნი მღერიან და ზოგნი ცეკვავენ...

ამჟამად ჩარგლის სახლ-მუზეუმში დაცული მაგიდის საათი კი, მართალია, ძველია, მაგრამ შემორჩენილია წარწერა, რომ ის ნაყიდია 1909 წელს, ორ რუბლად. ამ სამი წლის წინ მუზეუმის დირექტორმა, მანანა გოდერძაულმა ჩემი თხოვნით იმ საათის ფოტოები გადამიღო, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ მისი. ამ საათის მექანიზმზე არის სავაჭრო ნიშანი, თავისებური ემბლემა, წარმოდგენილი ანაგრამით GF, რაც ნიშნავს Gebruder Fortwengler - ეს იყო ძმები ფორტვენგლერების საათების ფაბრიკა, დაარსებული ვარშავაში, ოკოპოვის ქუჩა # 26-ში, 1891 წელს და ის გახლდათ ცნობილი გერმანული საათების ფაბრიკის "იუნგჰანსის“ Junghans შვილობილად დარეგისტრირებული პირველი საწარმო რუსეთის იმპერიაში...

თავის გამოშვებულ საათებს, მექანიზმზე ამოტვიფრული ანაგრამის გარდა, ციფერბლატზე უკეთებდნენ წარწერას: "Россiя первый сортъ“, ხოლო დანარჩენით ძმები ფორტვენგლერების საათები დიდად არ განსხვავდებოდა იუნგჰანსის საათებისგან...

მერე ამ ფირმის მაგიდის საათების მელოდიები მოვძებნე და ვაჟას 1909 წლის საათის ფოტოებითა და იმ მელოდიით არის შექმნილი ეს ვიდეო. ჰოდა, როგორც ამ ვიდეოში წარმოდგენილი ფოტოებიდან დაინახავთ, ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას კიდევ დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მაინც მოვუსმინოთ, რადგან ვაჟა-ფშაველას ზეციური საათი უკვე ჩართულია და ჩვენ, ყველა იმის დრო-ჟამში ვცხოვრობთ. საკითხავი ისაა, ამ დრო-ჟამის ბოლომდე თუ გავალთ, როცა მტერი უნდა შეიყვარო და ის აღარ იარსებებს, როგორც ეს "ალუდა ქეთელაურიდან“ გვითხრა...

მიხო მოსულიშვილი

26 მაისი, 2022"

იხილეთ ასევე: