ავტორი:

"ახლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე ჩვენი ქვეყნის დატოვება, ნამდვილად გაწირვა იქნება" - ნინო წილოსანი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივაზე

"ახლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე ჩვენი ქვეყნის დატოვება, ნამდვილად გაწირვა იქნება" - ნინო წილოსანი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივაზე

ნინო წილოსანი - ევროკავშირის წევრები მხედველობაში მიიღებენ იმას, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და ახლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე დატოვება, ნამდვილად გაწირვა იქნება.

ევროკავშირის მიერ ჩატარებულ კვლევებში, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა შეფასებული კონკრეტული ქულებით, საქართველო არის ფლაგმანი რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ კვლევებში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გასულ წელს ჩატარდა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის სწორედ საქართველოა "ყველაზე მეტი ქულით შეფასებული“.

"სწორედ ამ მესიჯების გასატანად, ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და მიმართულების წარმოსაჩენად მთელი საგარეო გუნდი გაიშლება ევროკავშირის ქვეყნებში, რათა გადაწყვეტილება იყოს საქართველოს სასარგებლოდ მიღებული და ის არ დაიჩაგროს ამ პროცესში. ყველა ვხვდებით, რომ თუნდაც უკრაინასთან მიმართებით ეს გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არის. ახლა დაჩქარებულად რომ გაიხსნა ეს შესაძლებლობა, ეს პირდაპირ უკავშირდება ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ზუსტად ასეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ საქართველო არ დარჩეს იმ რისკების პირისპირ მარტო, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ძალიან მონდომებით ებრძოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით“, - განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით. თუ ეს არ იქნება ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში იმ ყველაფერს, რაც გავაკეთეთ - იმ რისკებს, რასაც საქართველო უყურებს ახლა და რასაც ამ წლების განმავლობაში უმკლავდებოდა მათივე მხარდაჭერით, იმასაც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და ახლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე ჩვენი ქვეყნის დატოვება, ნამდვილად გაწირვა იქნება. ყველა იმ ობიექტურ მოცემულობასთან ერთად, აუცილებლად უნდა იხელმძღვანელონ კეთილი და ჩვენი ქვეყნის დამცავი ინტერესებით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.