ავტორი:

პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - "არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი"

პაატა გულიაშვილი თელავში გაკეთებული განცხადების შემდეგ "ფორმულას" ტოვებს - "არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი"

თელავის თეატრის დირექტორმა პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ირკვევა გადაწყვეტილება, თელავში დღეს ჩატარებულ აქციას უკავშირდება, რომელიც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ იმართებოდა.

"მოკლედ , ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს.... არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი..... მე წავედი! p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები" - დაწერა გულიაშვილმა.

AMBEBI.GE მეტი დეტალის გასარკვევად პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე დამატებით არაფრის თქმა არ სურს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელს ალეკო მალხაზიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი საქმის გამო, ამ თემას დღეს თვალი ვერ მიადევნა და მანაც სტატუსიდან გაიგო პაატას ტელევიზიიდან წასვლის შესახებ.

თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მასთან დარეკვას და შეხვედრას აპირებსს. ჩვენს კითხვაზე ხომ არ ყოფილა ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელობიდან სატელეფონო ზარი ან საუბარი, რომ პაატა გულიაშვილს არხი დაეტოვებინა, მალხაზიშვილმა გვითხრა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

ცნობისთვის, პროტესტით უპასუხეს თელაველებმა "რესპუბლიკური" პარტიის დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სადაც მან ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა.

ერეკლე მეორის სახელის დასაცავად მეფის ძეგლის მიმდებარედ სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, მსახიობები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ. მათ პოლიტიკოსს მოუწოდეს, თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რადგან მეფის სახელის შეურაცხყოფას არ შეეგუებიან.

"იმდენი თელავური აზრი მომდის, მაგრამ შევეცდები რბილად ვთქვა ყველაფერი. ჩემი შეგნებული ცხოვრება შევწირე იმ საქმეს, რასაც თეატრალური ხელოვნება ჰქვია. ერეკლე პაპას, იმ ომების გვერდით, კიდევ იმისი ძალა შესწევდა, რომ ეს თეატრი დაეარსებინა.

ჩვენ თეატრალები ყოველი გასვლის წინ მეფეს ვპირდებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად... ენა უნდა დაიმოკლოს (ლევან ბერძენიშვილმა) სანამ მეფეს ახსენებს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ თელაველები კარგად ვლაპარაკობთ. არ გაბედონ და ამ ვიგინდარებმა ასეთი სიტყვები არ წარმოსთქვან", - თქვა აქციაზე თელავის თეატრის დირექტორმა პაატა გულიაშვილმა.