ავტორი:

"მე მკითხა ზელენსკიმ... დიახ, პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს" - ანჯეი დუდა

"მე მკითხა ზელენსკიმ... დიახ, პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს" - ანჯეი დუდა

თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმება ომის დასრულების შესახებ, რომელიც უკრაინის გარეშე მოხდება.

"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ყოველგვარი გამართლებისა და მიზეზის გარეშე, რადგან ყველა ინფორმაცია უკრაინაში რაღაც ნაციზმის არსებობის შესახებ ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდაა. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რომელიც იყო სასტიკი აგრესია. ეს არის სასტიკი ომი, რომელიც გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსეთს სურს გავლენის სფეროს გაფართოება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტი, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაასრულებს ამ ომს, მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე და უკრაინის თანხმობის გარეშე. თუკი ეს ომი დასრულდება, ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელსაც უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნება მომეცით, გავიმეორო - მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს უკრაინის მონაწილეობით და ისეთი პირობების მიღება და შეთანხმება უნდა მოხდეს, რომელსაც ისინი მიიღებენ. ეს არის წინაპირობა, ძირითადი პირობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია საუბარი მშვიდობის შესახებ, რომელიც იქნება სტაბილური მშვიდობა,“- აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, სტაბილური მშვიდობისთვის აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტია მიიღოს.

"მე ვარ ერთ-ერთი ის ლიდერი, ვისთანაც ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ძალიან ხშირად. მე მეტ-ნაკლებად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენკის პოზიციას, როდესაც საქმე ეხება ამ ომის დასრულების პირობებს. არის ერთი რამ, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. უკრაინას ენდომება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარე საკუთარი მიწების დაბრუნება. ჩემთვის ეს ძალიან ცხადია. ასევე, ბუნებრივია, რომ იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, იმ სიტუაციაში, როდესაც მას ნატო-ში გაწევრება არ შეუძლია, მას მოუნდება საერთაშორისო გარანტიები. ეს არის სტაბილური მშვიდობის მიღწევის ელემენტი.

მსურს ვთქვა, რომ ჩვენ, პოლონეთს, როგორც უკრაინის მეზობელს, გვკითხა უკრაინამ, მე მკითხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თანახმა ვიყავით თუ არა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფო ვყოფილიყავით. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია. მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, როგორც უკრაინის მეზობელი.

თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს,“- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.